მეწყერი

გოდოლაძე მეწყერზე: ჩვენი ჩართულობა ამ საკითხში დამთავრდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე, ამბობს, რომ მაჭავარიანის მეწყერს სეისმური მონიტორინგის ცენტრი აღარ დააკვირდება, რადგან კომპანიამ, რომელმაც საკითხზე მუშაობა დაიწყო, მონიტორინგის სისტემა გაუნადგურათ.

"რეალურად, ჩვენი ჩართულობა ამ საკითხში დამთავრდა. იმიტომ, რომ მონიტორინგის სისტემა, რაც იქ გვქონდა დამონტაჟებული და დავდეთ კვლევა, კომპანიამ, რომელმაც იქ მუშაობა დაიწყო, გაგვინადგურა. ჩვენ მზად ვიყავით ნებისმიერი თანამშრომლობისთვის და როცა იქ ავედით, უკვე განადგურებული იყო ყველაფერი, რაც კი გავაკეთეთ და იმისთვის, რომ არ დაგვზიანებოდა ძვირადღირებული აპარატურა სასწრაფოდ მოვხსენით მეწყრიდან.

დამოუკიდებლად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, კოორდინაციაში არ იყვნენ ჩვენთან, ჩვენ გვეგონა, რომ ერთობლივი ძალებით ვაპირებდით მონიტორინგის სისტემა აგვეწყო, თურმე ეს ასე არ არის, თურმე მერიას უკვე გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ ეს კომპანიამ უნდა გააკეთოს. არაფერი არ გვითხრეს, წადით აქედანო, ვერ გაგვაგდეს, მაგრამ ახლა ჩვენ ვართ და თქვენ გაჩერდითო, ე.წ. "სტრელკა" დაგვინიშნა იქ კომპანიამ". – ამბობს გოდოლაძე.

გოდოლაძის თქმით, სამუშაოები, რომელსაც ახლა მერია მეწყრულ არეალში აწარმოებს, არ ყოფილა გერმანელების რეკომენდაცია და კომპანიამ ვერ წარმოადგინა დასკვნა, თუ რის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება.

"რაც შეეხება გერმანელების ჩართულობას, რაც ახლა კეთდება ეს გერმანელების იდეა არასოდეს ყოფილა. მათ ეს ინტერვიუშიც განაცხადეს და ჩვენთან საუბარშიც, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და თხოვოთ ამ ინფორმაციის დადასტურება. როცა კომპანიას ვთხოვეთ, რომ წარმოედგინა ნახაზი, დასკვნა, რის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება მსგავსი სამუშაოების წარმოებისა, ფაქტობრივად, ერთი ფურცელიც ვერ გვანახეს დაწერილი, Zoom-ით მოხდა ყველაფრის კოორდინაციაო. ასეთი სიტუაციია დღეს. ჩვენ იქედან აპარატურა მოვხსენით იმიტომ, რომ უკვე ზიანდებოდა, არავინ არაფერს გვეკითხება. 

მოძრაობა არის, როდესაც ვაკვირდებით კონკრეტულ დაკვირვების წერტილებში და არის ხელშეუხებელი აპარატურით დაკვირვებისას. ხელშეუხებელი კიარა, დადგნენ და ყველა ეს წერტილი ტრაქტორებით მოშალეს, ფაქტობრივად, სახე, რაც ამ მეწყერს ჰქონდა და რასაც ვაკვირდებოდით, წაიშალა". – ამბობს გოდოლაძე.


თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

გეოლოგებისა და სპეციალისტებისდიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეწყერის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია, თუმცა თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი არ არსებობს და ადგილზე ხელოვნური ნაგებობები იმისთვის შენდება, რათა მომავალში გადაადგილება უსაფრთხო იყოს. 

მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის მარტის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანია "ბლექ სი გრუპმა", რომელიც ამ პროექტს უდგას სათავეში, სამუშაოები დროებით შეაჩერა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარს შეადგენს.

20 მარტს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ტერიტორიაზე ახალი ბზარები გაჩნდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეწყრის ტერიტორიაზე მას და სხვა მეცნიერებს თბილისის მერია არ უშვებდა. 

თბილისის მერიის ცნობით, ინფორმაცია ახალ ნაპრალებზე სიმართლეს არ შეესაბამება და პირების ტერიტორიაზე მათივე უსაფრთხოებისთვის არ უშვებდნენ.

უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები, რომლებიც თბილისის მერიამ პროცესის შესასწავლად მოიწვია, თბილისში 22 მარტს ჩამოვიდნენ და საქართველო უკვე დატოვეს, ისინი აპრილის ბოლომდე დისტანციურად იქნებიან პროცესში ჩართულნი. მოწვეული გეოინჟინერის, პეტერ ნიუმანის თქმით, საკითხი კომპლექსურია, გადაჭრის ერთი, კონკრეტული გზა არ არსებობს და შესაძლოა, ეს იყოს საწყისი ეტაპი მასშტაბური მეწყრის ჩამოყალიბებისა.

25 მარტს ცნობილი გახდა გეგმა, თუ რა სამუშაოების ჩატარებას გეგმავს თბილისის მერია. საწყის ეტაპზე იგეგმება დროებითი წინაღობის გაკეთება, უსაფრთხო მისასვლელი გზების მოწყობა და გარკვეულ უბნებზე მიწის მასის მოჭრა, რის მიზანიც არის ის, რომ ფერდს, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დაუბრუნდეს ბუნებრივი მდგომარეობა და ანკერული პრინციპით შეჩერდეს მისი მოძრაობა. გარდა ამისა, კვირის ბოლომდე დამონტაჟდება დამატებითი მონიტორინგის სისტემაც. მერია მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებში 7 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, კვლევის პირველადი შედეგები კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

კომენტარები