დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

სტოლტენბერგი: NATO მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

იენს სტოლტენბერგი
Reuters

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობასა და რუსეთის სამხედრო ძალების აქტიურობას გამოეხმაურა. სტოლტენბერგსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

"დავურეკე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა გამომეხატა სერიოზული შეშფოთება უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების აქტიურობასთან და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიმდინარე დარღვევებზე. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვრჩებით ჩვენი ახლო პარტნიორობის ერთგული". – წერს იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, ზელენსკიმ სტოლტენბერგს ქვეყნის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მობილიზებისა და შეტევითი მოქმედებებისთვის გაზრდილი მზაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სტოლტენბერგს ალიანსის მხრიდან უკრაინის საკითხებთან დაკავშირებული ყურადღებისთვის. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნატოსთან ურთიერთობაში უკრაინისთვის ყველაზე აქტუალური საკითხი მაპის მიღებაა.

"ჩვენ ერთგულები ვარ ჩვენი არმიის და თავდაცვის სექტორის რეფორმირების, თუმცა მხოლოდ რეფორმებით რუსეთს ვერ შეაჩერებ. ნატო ეს არის ერთადერთი გზა დონბასში ომის დასრულებისთვის. მაპი გახდება ნამდვილი გზავნილი რუსეთის ფედერაციისთვის" - თქვა ზელენსკიმ.

 


აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა. ვრცელდება ვიდეო და ფოტომასალა, რომელზეც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები. უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ ისაუბრა უკრაინის მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმაც. ხომჩაკის თანახმად, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს აძლიერებს, ხოლო პრორუსი სეპარატისტები 2020 წლის ივლისში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ.

რუსლან ხომჩაკის ცნობით, რუსული სამხედრო ძალები სხვადასხვა რეგიონიდან გროვდებიან უკრაინის საზღვრებთან, ამ მოქმედებებს კი რუსული მხარე სამხედრო მზადყოფნის შენარჩუნების საჭიროებითა და წვრთნებისთვის მზადებით ამართლებს. ხომჩაკის თქმით, მოსალოდნელია საზღვართან დამატებით 25 ტაქტიკური ჯგუფის კონცენტრირება, "რაც უკრაინის სახელმწიფო საზღვართან უკვე გაგზავნილ ძალებთან ერთად უკრაინის სამხედრო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის".

3 აპრილის მონაცემებით ეუთოს მონიტორინგის მისიას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ათასზე მეტი ფაქტი აღრიცხა. 

დაძაბული ვითარების ფონზე 2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები ასევე გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ანდრიი ტარანს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა მის უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ გერმანია ახლოდან აკვირდება სიტუაციას უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე. დაძაბულობას ასევე გამოეხმაურა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. დომინიკ რააბმა თქვა, რომ ბრიტანეთი სერიოზულად შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო აქტივობით, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინას.

1-ელ აპრილს NATO-მ შეშფოთება გამოხატა რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთში განაცხადეს, დონბასში სერიოზულმა ესკალაციამ, შესაძლოა, "გაანადგუროს" უკრაინა. კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინაში NATO-ს ჯარების გაგზავნა რუსეთის საზღვართან მეტ დაძაბულობას გამოიწვევს და ეს მოსკოვს აიძულებს, მისი უსაფრთხოებისთვის დამატებითი ზომები მიიღოს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიხედვით, რამდენიმე თვეში NATO-ს ჯარებთან ერთად წვრთნები დაიწყება. 

1-ელ აპრილს პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების გადაადგილება "არავის უნდა აწუხებდეს". აქამდე პესკოვი ამბობდა, რომ რუსეთის ხელისუფლება "გამოთქვამს შეშფოთებას" დონბასში "მზარდი დაძაბულობის" გამო და შიშობს, რომ "უკრაინული მხარე შეიძლება წავიდეს პროვოკაციებზე, რომელიც ომამდე მიიყვნს საქმეს". უკრაინა პროვოკაციაში დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტმა.

 გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინასა და რუსეთის საზღვართან მზარდ დაძაბულობასთან და რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებასთან დაკავშირებით საერთო განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი "ყველა მხარეს" თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ევროკავშირმაც.

კომენტარები