პოზნერის ვიზიტი

ხოშტარია: კობახიძეზე დროს არ დავხარჯავ, პოზნერზე ინფორმაცია მასპინძელი წრიდან მქონდა

ევროპული საქართველო

"კობახიძეზე ბევრი დროის დახარჯვას არ ვაპირებ, მთავარია, სახელმწიფო როგორ იქცევა. ინფორმაცია მქონდა იმ ფართო წრიდან, რომელიც მასპინძლობდა პოზნერს". - პოლიტიკური მოძრაობა დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს.

"ჩემი მიზანი არ ყოფილა იმ ადამიანების გაშავება და დამუნათება, ვინც მასპინძლობდა. ეს არაა ჩემი საქმე, მორალი ვუკითხო ვინმეს. პრეტენზია მაქვს მთავრობასთან, რომელსაც მივმართე არგუმენტებით, რომ პრობლემა იქნება ამ კაცის შემოშვება და არ უნდა შემოუშვათ. კონტექსტი იყო ნათელი - დაბადების დღის გადასახდელად, მთელი თვითმფრინავით რომ ჩამოდიხარ, სასტუმროს ნომერში დაჯდომას არ აპირებ. მივმართეთ, არ შემოუშვათ, კანონიც მივუთითეთ, ჰქონდათ საშუალება, არ შემოეშვათ. როცა მთავრობა არ იცავს სახელმწიფო ინტერესებს, მოქალაქეებს გვაქვს ვალდებულება, დავიცვათ". - ამბობს ხოშტარია. 

ირაკლი კობახიძე რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერისა და მისი მეგობრების საქართველოში ვიზიტის შესახებ დღეს ამბობდა: "როგორ იგებენ ისინი ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს?! ელენე ხოშტარია საიდან იგებს?! ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტურული ინტერესების შესაბამისად".

პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საზოგადოების მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება რამდენიმე საათში მოუწიათ ჩარტერული რეისით. 

ვლადიმირ პოზნერი 31 მარტს საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სტიქიური სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით, ღია არ უნდა ყოფილიყო. 

რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა. შსს-ს ცნობით, 32 ადამიანი დააჯარიმეს, თუმცა უწყებაში არ ამბობენ, არის თუ არა მათ შორის პოზნერი. 

შრომის ინსპექციის ადგილზე მისვლის შემდეგ რუსი სტუმრების სასტუმროში გადასაყვანად რესტორანთან ავტობუსი მიიყვანეს. პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსამდე პოლიციის დერეფნის გავლით მიიყვანეს. აქტივისტები სასტუმროსთანაც მივიდნენ და 06:00-მდე იმყოფებოდნენ. ავტობუსს, რომელსაც პოლიცია იცავდა, მათ კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები