პოზნერის ვიზიტი

კობახიძე პოზნერზე: როგორ იგებს ხოშტარია ყველაზე ადრე ამ ვიზიტებს? ეს არის რუსეთის აგენტურა

Mzia Saganelidze (RFE/RL)

"როგორ იგებენ ისინი ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს?! ელენე ხოშტარია საიდან იგებს?! ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტურული ინტერესების შესაბამისად". - ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერისა და მისი მეგობრების საქართველოში ვიზიტის შესახებ. 

მისი აზრით, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს, გუშინ ის ადამიანები აპროტესტებდნენ, ვინც რუსეთის ფედერაციასთან ფარულ თუ ღია კავშირებში არიან შემჩნეულები. 

მისივე თქმით, გუშინდელი პროტესტი იყო "რუსული ნაცმოძრაობის პროტესტი". 

"დარღვეული იყო კოვიდრეგულაციები. ამასთან დაკავშირებით ამოქმედდა შესაბამისი სანქციები, როგორც სასტუმროს, ასევე სტუმრების მიმართ. კოვიდრეგულაციების დარღვევა, ბუნებრივია, არ შეიძლება დარჩეს უპასუხოდ და პასუხი იყო მყისიერი, სახელმწიფოს მიერ. 

პოზნერის ვიზიტს გუშინ აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც აკეთებენ საქართველოში რუსულ საქმეს და რომლებიც არიან  შემჩნეული ღია თუ ფარულ კავშირებში რუსეთის ფედერაციასთან. ეს იყო მაგალითად ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი და ა.შ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხედან ნაციონალური მოძრაობის ოფისში, ესენი არიან ადამიანები რომლებსაც აქვთ ბევრად უფრო მძიმე განცხადებები, ვიდრე იყო პოზნერის განცხადება, რასაც აფრიალებდა გუშინ რუსული საქმის მკეთებელი ადამიანების კასტა". - ამბობს კობახიძე. 


პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საზოგადოების მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება რამდენიმე საათში მოუწიათ ჩარტერული რეისით. 

ვლადიმირ პოზნერი 31 მარტს საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სტიქიური სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით, ღია არ უნდა ყოფილიყო. 

რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა. შსს-ს ცნობით, 32 ადამიანი დააჯარიმეს, თუმცა უწყებაში არ ამბობენ, არის თუ არა მათ შორის პოზნერი. 

შრომის ინსპექციის ადგილზე მისვლის შემდეგ რუსი სტუმრების სასტუმროში გადასაყვანად რესტორანთან ავტობუსი მიიყვანეს. პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსამდე პოლიციის დერეფნის გავლით მიიყვანეს. აქტივისტები სასტუმროსთანაც მივიდნენ და 06:00-მდე იმყოფებოდნენ. ავტობუსს, რომელსაც პოლიცია იცავდა, მათ კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები