ვლადიმირ პოზნერის ვიზიტი საქართველოში

ზახაროვა პოზნერზე: ზურმუხტქალაქისკენ რთული გზით მივდივართ

მარია ზახაროვა
RIA

"დემოკრატიის გზები არაცივილიზებულია: ზურმუხტქალაქისკენ რთული გზით მივდივართ" - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ეხმაურება რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტსა და აქტივისტების პროტესტს. 

პოზნერმა და მისმა სტუმრებმა მწვავე პროტესტის გამო საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვეს. ისინი საქართველოში ყოფნას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა, მათ ქვეყნის დატოვება ჩარტერული რეისით რამდენიმე საათში მოუწიათ. 

ვლადიმირ პოზნერი 31 მარტს საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, რასაც სტიქიური სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

საქართველოში ჩამოსულმა პოზნერმა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების გვერდით ავლით, მეგობრებთან ერთად, ისადილა რესტორანში, რომელიც, რეგულაციების მიხედვით ღია არ უნდა ყოფილიყო. 

რესტორანთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. მათ სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. მოგვიანებით, ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციამ VINOTEL-ი 10 000 ლარით დააჯარიმა. შსს-ს ცნობით, 32 ადამიანი დააჯარიმეს, თუმცა, უწყებაში არ ამბობენ, არის თუ არა მათ შორის პოზნერი. 

შრომის ინსპექციის ადგილზე მისვლის შემდეგ რუსი სტუმრების სასტუმროში გადასაყვანად რესტორანთან ავტობუსი მიიყვანეს. პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსამდე პოლიციის დერეფნის გავლითთ მიიყვანეს. აქტივისტები სასტუმროსთანაც მივიდნენ და იქ 06:00-მდე იმყოფებოდნენ. ავტობუსს, რომელსაც პოლიცია იცავდა, მათ კვერცხები დაუშინეს.

 

კომენტარები