ჩინეთი

ჩინეთმა ბრიტანულ ორგანიზაციებსა და პარლამენტის წევრებს სანქციები დაუწესა

Financial Times

მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ჩინეთს სანქციები დაუწესა სინძიანგის პროვინციაში ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, საპასუხოდ პეკინმა რამდენიმე ბრიტანულ ორგანიზაციასა და პარლამენტის წევრებს საკუთარი სანქციები წაუყენა. 

ჩინეთის შეფასებით, სინძიანგის პროვინციაზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ გამოსასწორებელ  ბანაკებში უიღურების იძულებითი შრომა მიმდინარეობს, დეზინფორმაცია და ტყუილია. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ სანქციები დაუწესეს 4 ორგანიზაციასა და 9 პირს, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს.

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ყოფილი ლიდერი, ჩინეთის მიერ სანქცირებული დანკან სმითი, ამ მოვლენებს სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა.

"ჩვენი მოვალეობაა, რომ ყურადღება მივაქციოთ ჩინეთის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და უიღურების გენოციდის პროცესებს. ჩვენ, ვინც კანონის უზენაესობის ქვეშ თავისუფლად ვცხოვრობთ, მათ ნაცვლად უნდა ვილაპარაკოთ, ვისაც ამის უფლება არ გააჩნია. თუკი ეს ჩინეთის გაღიზიანებას გამოიწვევს, მე ამას [სანქციებს] ღირსების ჯილდოსავით ვატარებ" - დაწერა Twitter-ზე დანკან სმითმა. 

სანქცირებულ ინდივიდებს ეკრძალებათ ჩინეთში შესვლა და ჩინურ კომპანიებთან ეკონომიკური საქმიანობის წარმოება. 


2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ. გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

დეკემბერში ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტექნოლოგიას იყენებს ჩინეთი სინძიანგში უიღურების მასობრივი დაკავებებისთვის.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის Center for Global Policy-ს დეკემბრის ანგარიშში წერენ, რომ ჩინეთი ასიათასობით უიღურს და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ბამბის პლანტაციებში იძულებით ამუშავებს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიუროს წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია.

2021 წლის დასაწყისში ჩინეთში ეთნიკური უმცირესობების წამებისა და ჯგუფური გაუპატიურების ახალი ფაქტები გავრცელდა.

ევროკავშირმა ჩინეთს, სინძიანის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, 2021 წლის მარტში სანქციები დაუწესა. დასავლეთის სანქციებს, პეკინმა საკუთარი სანქციებით უპასუხა.

კომენტარები