გამოცემა Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთის არმიაში წმენდის ფარგლებში ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, ჭანგ იოუსიას, მათ შორის, აშშ-სთვის ჩინეთის ბირთვული შეიარაღების პროგრამის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გამხელა და დიდი ოდენობით ქრთამის სანაცვლოდ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ოფიცრის დაწინაურება ედება ბრალად.
როგორც WSJ წერს, დახურულ ბრიფინგზე ჭანგ იოუსიას ბრალად დასდეს, რომ ის დიდი ოდენობით ქრთამის აღების სანაცვლოდ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ლი შანგფუს დაწინაურებაში დაეხმარა. თავის მხრივ, ლი შანგფუ 2023 წელს, ორი თვის განმავლობაში გაუჩინარების შემდეგ, კორუფციის ბრალდებების გამო თანამდებობიდან მოსხსნეს.
WSJ-ს მიხედვით, წყაროებმა გამოცემასთან საუბრისას თქვეს, რომ ჭანგის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს შორის აშშ-სთვის ჩინეთის ბირთვული იარაღის ტექნიკური მონაცემების მნიშვნელოვანი დეტალების გამხელა ყველაზე მეტად "შოკისმომგვრელი" იყო.
წყაროების თანახმად, ამ მხრივ ჭანგ იოუსიას წინააღმდეგ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი ჩინეთის სამოქალაქო და სამხედრო ბირთვული პროგრამების ხელმძღვანელი სახელმწიფო კომპანიის, ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის ყოფილ გენდირექტორს, კუ ძიუნის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, რომელიც 19 იანვარს აღიძრა. როგორც WSJ წერს, დახურულ ბრიფინგზე ჩინელმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ გამოძიებამ ჭანგი ჩინეთის ბირთვულ სექტორიდან ინფორმაციის გაჟონვას დაუკავშირა, თუმცა დეტალები არ გაუმჟღავნებიათ.
ამასთან, გამოცემას წყაროებმა უთხრეს, რომ ჭანგს ადანაშაულებენ ცენტრალურ სამხედრო კომისიაში მაღალი თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და პოლიტიკური "ვიწრო წრეების" შექმნაში, რაც ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის გავლენის ქსელების შექმნით ძირის გამოთხრას გულისხმობს.
გარდა ამისა, გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სი ძინფინგმა შენიანგის სამხედრო რეგიონის მეთაურის თანამდებობაზე ჭანგ იოუსიას ხუთწლიანი ვადის გამოსაძიებლად სპეციალური გუნდი შექმნა, რომელიც ქალაქ შენიანგში ჩავიდა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ჩინეთის არმიის ერთპიროვნული მმართველი გახდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ქვეყნის ცენტრალური სამხედრო კომისიაში (CMC) დარჩენილი ორი გენერლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, CMC-ის ვიცეთავმჯდომარე გენერალ ჭანგ იოუსიას და CMC-ის წევრ სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ ლიუ ჭენლი "დისციპლინისა და კანონის სერიოზულ დარღვევებს" ედავებიან.
ჩინეთის ცენტრალური სამხედრო კომისია ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრატეგიას განსაზღვრავს და მათ ოპერაციებს ხელმძღვანელობს. Financial Times აღნიშნავს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ტერმინოლოგიაში გამოთქმა "დისციპლინის დარღვევები" ხშირად კორუფციას ნიშნავს, თუმცა ეს ტერმინი მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ფრაქციულ ბრძოლებთან - მაო ძედუნიდან მოყოლებული ჩინეთის ლიდერები მოწინააღმდეგეების პარტიიდან ჩამოსაშორებლად ასეთ გამოძიებებს ხშირად იყენებდნენ.

![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)



