ევროკავშირი-ჩინეთი

ევროკავშირმა ჩინეთს 1989 წლის თიენანმენის ჟლეტის შემდეგ სანქციები პირველად დაუწესა

სამთავრობო პოსტი ჩინურ სოციალურ ქსელში, სადაც ჩანან ბანაკში დატყვევებულები. ჩინეთი, სინძიანგის პროვინცია, ჰოთანის პრეფექტურა, ლოპი. 2017 წლის აპრილი.
სინძაინგის იუსტიციის ბიურო/WeChat/hrw

ევროკავშირმა 1989 წლის თიენანმენის ჟლეტის შემდეგ ჩინეთს სანქციები პირველად დაუწესა

სანქციები, ჩინეთის მიერ სინძიანგში ადამიანების უფლებების დარღვევის გამო, დაუწესეს სინძიანგის მაღალი რანგის ოთხ პირს და ერთ ორგანიზაციას. 

სანქცირებულები არიან სინძინაგის ავტონომიური რეგიონის სახალხო კონგრესის ყოფილი ვიცეხელმძღვანელი, ჭუ ხაილუნი, სინძიანგის წარმოებისა და კონსტრუქციის კორპუსის (XPCC) მდივანი და სინძიანგის ავტონომიური რეგიონის პარტიის კომიტეტის ვიცემდივანი, ვანგ ძიუნჭენგისინძინაგის ავტონომიური რეგიონის პოლიტიკურ და სამართლებრივ საქმეთა მდივანი, ვანგ მინშანი და სინძინაგის სახალო უშიშროების სამსახურის დირექტორი, ჩენ მინკუო

სანციების სიაში ასევე მოხვდა ნახევრად სამხედრო ორგანიზაცია, სინძიანგის წარმოებისა და კონსტრუქციის კორპუსი (XPCC). ევროკავშირში განაცხადეს, რომ ორგანიზაცია პასუხისმგებელია "ჩინეთში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე".

აღსანიშნავია, რომ გასული წლის აგვისტოში თავდაპირველად აშშ-მ დაუწესა ამ ორგანიზაციას სანქციები. XPCC 1954 წელს დაფუძნებული ნახევრად სამხედრო ჯგუფია. XPCC სინძიანგში ეკონომიკის დიდ ნაწილს აკონტროლებს.

ევროკავშირს სანქციები არ დაუწესებია რეგიონის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირისთვის, ჩენ ციუანკუოსთვის, სავარაუდოდ, დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესების თავიდან არიდების გამო. 

ჩინეთის სამთავრობო, პროპაგანდისტული მედიის თანახმად, ჩინეთი საპასუხო ნაბიჯებს გეგმავს. 

როგორც აღინიშნა, ბოლოს ევროკავშირის სანქციები შეიარაღებაზე ემბარგო 1989 წელს დაწესდა, თიენანმენის მოედანზე ფართომასშტაბიანი პროდემოკრატიული აქციის ძალადობრივი დარბევის გამო. 

Human Rights Watch იანვრის ანგარიშში წერს, რომ ახლა ჩინეთში 1989 წლის პეკინის თიენანმენის მოედანზე ჟლეტის შემდეგ ადამიანის უფლებებისთვის ყველაზე ბნელი დრო დგას.

აღსანიშნავია, რომ 19 იანვარს აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პეკინის მოქმედებები ჩინეთის სინძიანგის პროვინციაში მუსლიმი უიღურების წინააღმდეგ გენოციდად და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად გამოაცხადა. აშშ-ს ახალი სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, პომპეოს გადაწყვეტილებას იზიარებს.

თებერვალში ნიდერლანდების პარლამენტმა, ევროპაში პირველმა, ჩინეთი უიღურების გენოციდში დაადანაშაულა. მანამდე, კანადამ მიიღო რეზოლუცია, რის მიხედვითაც, ჩინეთის მიმართ უიღურებისადმი მოპყრობა გენოციდად გამოაცხადა.


შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ. გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

დეკემბერში ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტექნოლოგიას იყენებს ჩინეთი სინძიანგში უიღურების მასობრივი დაკავებებისთვის.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის Center for Global Policy-ს დეკემბრის ანგარიშში წერენ, რომ ჩინეთი ასიათასობით უიღურს და სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ბამბის პლანტაციებში იძულებით ამუშავებს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიუროს წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია.

2021 წლის დასაწყისში ჩინეთში ეთნიკური უმცირესობების წამებისა და ჯგუფური გაუპატიურების ახალი ფაქტები გავრცელდა.

კომენტარები