მეწყერი

გოდოლაძე მეწყერზე: სისტემა დაძრულია და მოძრაობს 5 სანტიმეტრით დღეში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე, მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყერთან დაკავშირებით ამბობს, რომ პირველადი შეფასებით, სისტემა უკვე დაძრულია და მეწყერი დღეში 5 სმ-ით მოძრაობს.

"რაოდენობრივად შეფასებისას ვამბობთ, რომ მეწყერი მოძრაობს, ეს არის დინამიკაში მოსული და ამის დასაბუთება გვესაჭიროებოდა, თუ რას ნიშნავს მეწყერის მოძრაობა. განვმარტავ, რომ მეწყერის მოძრაობას არყევს ძალიან მნიშვნელოვანი ორი სიდიდე, ეს არის მისი გადაადგილების სიჩქარე და აჩქარება. შევეცადეთ, რომ სიჩქარე აეროფოტოგადაღებით გაგვეზომა, რაც შეეხება აჩქარებას, ჩვენ არ გვაქვს სპეციალური ხელსაწყო.

აჩქარების პარამეტრი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ის გვიჩვენებს, თუ სხეული აჩქარდა, ნიშნავს, რომ სისტემა დაიძრა და ასეთი ნელი მოძრაობიდან გადავა ჩამოწოლამდე. ახლა სისტემა დაძრულია და მოძრაობს ნელა, 5 სმ-ით დღეში, ეს ჩვენთვისაც საკმაოდ დიდი ციფრია. აუცილებელია, გავამახვილოთ ყურადღება და მოვემზადოთ უარესი სცენარებისთვის, ყველა სცენარი უნდა გავითვალისწინოთ". – ამბობს გოდოლაძე.

რაც შეეხება სიღრმეს, გოდოლაძის თქმით, ის 10 მეტრზე მეტი, ამ მონაცემებით - 18 მეტრია.

"გავაკეთეთ ელექტრული პროფილი, რომელმაც დაადასტურა ჩვენი ეჭვები იმის შესახებ, რომ სიღრმე, რეალურად, მასაზე მეტია, ანუ მეტია 10 მეტრზე, ჯერჯერობით, ახლა გვაქვს 18 მეტრი. მოცულობა უფრო დიდია, ანუ ის, რაც მოტყდა და რაც ხილულია არ არის რეალური დაძვრის საზღვარი, ამიტომ, ეს ყველაფერი გადავაგზავნეთ ამერიკელ კოლეგებთან და გვითხრეს, რომ აუცილებელია გადამკვეთი პროფილების გაკეთებაც. ჯერ მხოლოდ ერთი მოვასწარით, რადგან საკმაოდ დიდი სამუშაოა, უსაფრთხოების ნორმებიც დასაცავია და დავიწყებთ უკვე გადამკვეთი პროფილების გაკეთებას, რათა დაახლოებითი ტომოგრაფიული სურათი მივიღოთ წყლის შემცველობისა და მოწყვეტის ზედაპირის იდენტიფიკაციისთვის". – თქვა გოდოლაძემ. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

გეოლოგებისა და სპეციალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეწყერის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია, თუმცა თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი არ არსებობს და ადგილზე ხელოვნური ნაგებობები იმისთვის შენდება, რათა მომავალში გადაადგილება უსაფრთხო იყოს. 

მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის მარტის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანია "ბლექ სი გრუპმა", რომელიც ამ პროექტს უდგას სათავეში, სამუშაოები დროებით შეაჩერა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარს შეადგენს.

20 მარტს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ტერიტორიაზე ახალი ბზარები გაჩნდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეწყრის ტერიტორიაზე მას და სხვა მეცნიერებს თბილისის მერია არ უშვებდა. 

თბილისის მერიის ცნობით, ინფორმაცია ახალ ნაპრალებზე სიმართლეს არ შეესაბამება და პირების ტერიტორიაზე მათივე უსაფრთხოებისთვის არ უშვებდნენ.

უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები, რომლებმაც ვაშლიჯვრის მეწყრული პროცესი უნდა შეისწავლონ, თბილისში 22 მარტს ჩამოვიდნენ და სამუშაო პროცესში უკვე ჩაერთვნენ. ერთ-ერთი გეოინჟინერის, პეტერ ნიუმანის თქმით, ეს შესაძლოა იყოს მასშტაბური მეწყერის საწყისი ეტაპი. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, კვლევის პირველადი შედეგები კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიის მეწყრის UAV აერო გადაღება:

კომენტარები