რუსული კანონი

რა ვიცით რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმის შესახებ

ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს თავს დაესხნენ. უკვე გავრცელდა ძალადობის ამსახველი რამდენიმე ვიდეომასალა. ნაცემია რამდენიმე ადამიანი, თვითმხილველების თქმით, ერთერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

აქტივისტების თქმით, შავი ტოიოტა ქემრი ნომრით (JU188DO) ველოსიპედისტს მიზანმიმართულად დაეჯახა, მას შემდეგ, რაც ადგილზე მყოფები დაშავებულის დასახმარებლად მივიდნენ, მოძალადეები მანქანიდან გადმოვიდნენ და აქტივისტებს სცემეს, მათ შორის, კაცს, რომელიც აქციაზე მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იყო.

"მოვდიოდი სიმღერ-სიმღერით, გააჩერეს, დაეტაკნენ ვიღაცას, გადმოვარდნენ ამბალები გახევებული სახეებით, და დაიწყეს ხალხის ცემა-ტყეპა, გაშველებას ვაპირებდი და დამაგდეს... მეუღლე, ბავშვებთან ერთად, წივილი, კივილი. შავებში იყვნენ, წვერებიანი, ძიუდოს ნომრებით, გადავიღე ყველაფერი" - ამბობს დაზარალებული ფორმულასთან.

ტაბულასთან საუბარში კიდევ ერთი დაშავებული, ნუკრი კაკულია ამბობს, რომ თავდამსხმელები "სავარაუდოდ, ზონდერები იყვნენ".

"ცოტა ხალხი დაინახეს და პირდაპირ დაიწყეს ჩვენი ცემა, ცოტანი ვიყავით ჩვენ, მოგვერივნენ, რა. პირდაპირ გაგვისწორდნენ, ერთ ბიჭს ძალიან სცემეს, სასწრაფომ წაიყვანა წეღან" - ამბობს კაკულია.

TV პირველის ცნობით, ცირკის ტერიტორიაზე ჰონდას, ტოიოტას და მერსედესის მარკის ავტომობილები აქციის მონაწილეებმა თავად გადაიღეს. მათი ინფორმაციით, მანქანის ნომრებია  JU-188-DO, UB-800-IC, HG-862-HG.

ამასთან, TV პირველის ცნობით, ერთერთი თავდამსხმელი 34 წლის ჯონდო ურიადმყოფელია.

კომენტარები