მეწყერი

გერმანელი გეოინჟინერი: ეს არის საწყისი ეტაპი შესაძლო მასშტაბური მეწყერისა

თბილისის მერია

მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერის შესასწავლად თბილისის მერიის მიერ მოწვეული ერთ-ერთი უცხოელი გეოლოგ-ინჟინერის, პეტერ ნიუმანის შეფასებით, საკითხი კომპლექსურია და გადაჭრის ერთი, კონკრეტული გზა არ არსებობს. 

"ჩემ კოლეგასთან ერთად გუშინ ადგილზე ვიყავით გასული 2 საათის განმავლობაში და ჩვენი შეხედულებით, საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური, რომლის ერთი, კონკრეტული გადაჭრის გზა არ არსებობს. რა თქმა უნდა, ზოგადად, როდესაც მუშაობ გეოლოგიურ საკითხებზე, თავისთავად, სამუშაოს გარემო არის არახელსაყრელი იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი ქანია გამოთავისუფლებული, რაც ართულებს მუშაობის პროცესს. პირველ რიგში, უნდა მოხდეს მიმდინარე პროცესის იდენტიფიცირება და შემდეგ მივიღოთ შესაბამისი ზომები". - ამბობს გეოლოგ-ინჟინერი.

ნიუმანის თანახმად, უკვე მიღებული უსაფრთხოების ზომები მართებულია, თუმცა, შესაძლოა, ეს იყოს საწყისი ეტაპი მასშტაბური მეწყერის ჩამოყალიბების და საჭიროა ისეთი პირველადი ზომების მიღება, როგორებიცაა: გასამაგრებელი სამუშაოები, დრენაჟები და მონიტორინგი.

"უსაფრთხოების ზომები, რომლებიც უკვე მიღებულია, არის აბსოლუტურად სწორი, კერძოდ, გზის დაკეტვა და შეზღუდვის დაწესება არის მართებული. ეს არის საწყისი ეტაპი შესაძლო მასშტაბური მეწყერისა. 

უნდა მივიღოთ პირველადი ზომები, როგორიცაა: გასამაგრებელი სამუშაოები, დრენაჟები და მონიტორინგი. უნდა შევინარჩუნოთ ყურადღება, დავეყრდნოთ შესაბამის გეოლოგიურ კვლევებს და ამის შემდეგ გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები". - ამბობს ნიუმანი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე "გარკვეული მოქმედებების გამო" მეწყრული პროცესი გააქტიურდა. 17 მარტს, Forum.ge-ზე მაჭავარიანის ქუჩისა და მიმდებარე ფერდის ფოტოები გავრცელდა, ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად 16 მარტიდან შეიზღუდა.

გეოლოგებისა და სპეციალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მეწყერის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებია, თუმცა თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მიზეზი არ არსებობს და ადგილზე ხელოვნური ნაგებობები იმისთვის შენდება, რათა მომავალში გადაადგილება უსაფრთხო იყოს. 

მაჭავარიანი-მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყო და 2021 წლის მარტის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კომპანია "ბლექ სი გრუპმა", რომელიც ამ პროექტს უდგას სათავეში, სამუშაოები დროებით შეაჩერა. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარს შეადგენს.

20 მარტს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ტერიტორიაზე ახალი ბზარები გაჩნდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეწყრის ტერიტორიაზე მას და სხვა მეცნიერებს თბილისის მერია არ უშვებდა. 

თბილისის მერიის ცნობით, ინფორმაცია ახალ ნაპრალებზე სიმართლეს არ შეესაბამება და პირების ტერიტორიაზე მათივე უსაფრთხოებისთვის არ უშვებდნენ.

უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები, რომლებმაც ვაშლიჯვრის მეწყრული პროცესი უნდა შეისწავლონ, თბილისში 22 მარტს ჩამოვიდნენ და სამუშაო პროცესში უკვე ჩაერთვნენ. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, კვლევის პირველადი შედეგები კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

კომენტარები