მიანმარი

მიანმარში საპროტესტო აქციებზე კიდევ 38 ადამიანი მოკლეს

კვირას, 14 მარტს, უშიშროების ძალებთან დაპირისპირებისას, სულ მცირე, 38 დემონსტრანტი მოკლეს, ხოლო მთლიანობაში საპროტესტო აქციებზე მოკლულთა რიცხვმა 120-ს გადააჭარბა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაცია ავრცელებს.

ქვეყნის უდიდეს ქალაქ იანგონში დემონსტრანტები ჩინეთის დაარსებულ ორ ქარხანას დაესხნენ თავს, რის შემდეგაც ქალაქის რამდენიმე რაიონში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ამ რეგიონებში კანონის დარღვევის შემთხვევაში, სასამართლოს სამხედრო ტრიბუნალი გამართავს.

დემონსტრანტები სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ, აუნ სან სუ ჩის გათავისუფლებასა და ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენას ითხოვენ.

ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერის აუნ სან სუ ჩის სასამართლო პროცესი ორშაბათს, 15 მარტს უნდა გაიმართოს.

აუნ სან სუ ჩის, სულ მცირე, ოთხი ბრალდება აქვს წარდგენილი, რაციების უკანონო ფლობა, კორონავირუსის შეზღუდვების დარღვევა, ტელეკომუნიკაციების კანონის დარღვევა და საზოგადოებრივი არეულობის შექმნის მცდელობა.

გასულ კვირას სამხედრო ძალებმა ის უკანონოდ 600 000 დოლარისა და დიდი რაოდენობით ოქროს მიღებაში დაადანაშაულეს. ბრალდებებს აუნ სან სუ ჩის ადვოკატი უარყოფს.

მიანმარის საკითხებზე გაეროს სპეციალურმა დამკვირვებელი ტომ ენდრიუსი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას Twitter-ზე გამოეხმაურა.

"ხუნტის ლიდერებს არ უნდა ჰქონდეთ ძალაუფლება, მათი ადგილი ციხეშია. [ხუნტის ლიდერებს] ფულისა და იარაღის წყარო დაუყოვნებლივ უნდა გადავუჭრათ. მოვუწოდებ გაეროს წევრ ქვეყნებს მოქმედებისკენ". – წერს ენდრიუსი.

გაეროს ელჩმა მიანმარში, კრისტინ შრანერ-ბურგენერმა დაგმო ქვეყნაში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება.

უფლება დამცველთა ჯგუფი Amnesty International სამხედრო ძალებს უიარაღო დემონსტრანტების წინააღმდეგ სამხედრო იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს.

ჩინურ ქარხნებზე თავდასხმის შემდეგ ჩინეთის საელჩომ მიანმარში ოფიციალურ განცხადებაში დაგმო ძალადობა და პოლიციას მოუწოდებდა, ჩინური ბიზნესის უსაფრთხოება უზრუნველეყოთ.

იაპონური მხარის თანახმად, ის მდგომარეობას აკვირდება და მიანმართან ეკონომიკური ურთიერთობების ფარგლებში სამოქმედო გზებს განიხილავს.


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დეფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღდეგ სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებს და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ.

დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემდეგ აშშ-მ სამხედრო ხუნტის ლიდერებს სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხო, როგორც სამხედრო ძალების ლიდერებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს და მათთან დაკავშირებულ ბიზნესებს. სამხედრო ხუნტას შეეზღუდა აშშ-ში არსებულ სამთავრობო ფონდებზე, დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარზე წვდომა.

კომენტარები