მიანმარი

მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა, დააკავეს აუნ სან სუ ჩი და ქვეყნის პრეზიდენტი

აუნ სან სუ ჩი და ინ აუნ ჰლაინგი

მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. შეიარაღებული ძალების სატელევიზიო არხის მიხედვით, ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცათ, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინგს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი დააკავეს.

ქვეყნის დიდ ქალაქებში შეფერხებით მუშაობს სატელეფონო სერვისები და ინტერნეტი. გათიშულია სახელმწიფო და საერთაშორისო მედია, დროებით შეჩერებულია საბანკო სერვისები.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

მიმდინარე კვირას უნდა გამართულიყო არჩევნების შემდეგ პარლამენტის პირველი სესია, რომელზეც მთავრობა უნდა დაემტკიცებინა. აუნ სან სუ ჩის პარტიას მოპოვებული მანდატები მთავრობის ფორმირებისათვის ჰყოფნიდა.

მიანმარს (წარსულში ბირმა) 1962 წლიდან 2011 წლამდე სამხედრო ხუნტა მართავდა, რომელმაც 1988 და 2007 წლების დემოკრატიული მოძრაობები სასტიკად ჩაახშო. სამხედრო რეჟიმი ქვეყნის მართვის სადავეებს დღემდე არ უშვებს ხელიდან, რადგანაც 2008 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, ქვეყნის პარლამენტის 25% სამხედროებს გადაეცათ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების (მინისტრების დანიშვნა, კონსტიტუციის შეცვლა) მხოლოდ ხმათა 75%-ზე მაღალი უმრავლესობითაა შესაძლებელი.

2011 წლის შემდეგ შემდეგ 2020 წლის 8 ნოემბერს გამართული საყოველთაო არჩევნები მეორე იყო, რომელიც ქვეყანაში ჩატარდა. 2015 წლის არჩევნებში ასევე აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მასში მონაწილეობა ამომრჩეველთა დაახლოებით 70%-მა მიიღო. აუნ სან სუ ჩის პარტიამ პარლამენტში ადგილების 83% მოიპოვა, სამხედროებთან დაახლოებულმა ოპოზიციამ, კავშირის სოლიდარობის და განვითარების პარტიამ კი მხოლოდ 25 ადგილი. სამხედრო ძალების ლიდერებმა არჩევნების შედეგები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. საარჩევნო კომისიამ უარყო დარღვევების არსებობა.

თავად აუნ სან სუ ჩის არჩევნებში მონაწილეობის და პრეზიდენტის პოსტის დაკავების უფლება არ აქვს, რადგან მისი შვილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი სუ ჩი უკანასკნელ წლებში მძაფრი კრიტიკის ობიექტი გახდა ქვეყანაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამო, რაც გაერომ გენოციდად შეაფასა. გაეროს ანგარიშის მიხედვით, მიანმარელი გენერლები გენოციდისათვის უნდა გასამართლდნენ, ხოლო აუნ სან სუ ჩიმ და სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკმარისი არ გააკეთეს მათ შესაჩერებლად.

ჩადენილ დანაშაულებს შორის სახელდება მკვლელობა, დაპატიმრება, წამება, გაუპატიურება, მონობა, სიკვდილით დასჯა, საცხოვრებელი სახლებისა და ზოგიერთ შემთხვევაში მთელი სოფლის გადაწვა და არასრულწლოვნებზე ძალადობა.

მიანმარის სისხლიანი კონფლიქტის წარმოშობის და აუნ სან სუ ჩის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ, წაიკითხოთ ტაბულას სტატიებში.

კომენტარები