მიანმარი

მიანმარში აჯანყებულების კონტროლირებად სოფელზე ხუნტის ავიაიერიშს 17 ადამიანი ემსხვერპლა

ადგილობრივები სოფელ კანანზე განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად დაღუპულების ცხედრებს უვლიან, 2024 წლის 7 იანვარი
AP Photo

სააგენტო Associated Press-ი ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და ადამიანის უფლებათა ჯგუფებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ მიანმარის საგაინგის რეგიონში, ინდოეთის საზღვართან ახლოს, აჯანყებულების მიერ კონტროლირებად სოფელ კანანზე ქვეყნის მმართველი ხუნტის ძალების მიერ განხორციელებულ ავიადარტყმებს, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 9 ბავშვია.

ჩინის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერმა, სალაი მანგ ჰრე ლიანმა მსხვერპლთა რაოდენობა დაადასტურა და სამხედრო ხელისუფლება სკოლაში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობასა და ბავშვებზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა.

"თუ საერთაშორისო თანამეგობრობა ომის მსგავსი დანაშაულების ჩადენას კვლავ დაუშვებს, მაშინ ისინი თავს უფლებას აძლევენ, შეგნებულად იყვნენ თანამონაწილენი საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონების, მათ შორის, ჟენევის კონვენციების დარღვევისა". - უთხრა ლიანმა სააგენტოს ტექსტური შეტყობინებების საშუალებით.

ადგილობრივებმა, რომლებიც სამაშველო სამუშაოებში იყვნენ ჩართული AP-ის ანონიმურობის დაცვით უთხრეს, რომ რეაქტიულმა გამანადგურებლებმა ქალაქ ხამპატის გარეუბანში მდებარე სოფელ კანანის თავზე სამი ბომბი ჩამოაგდეს. შედეგად, ერთ-ერთი მაცხოვრებლის თქმით, სოფელში მდებარე სკოლის მახლობლად 10 სახლი განადგურდა.

საჰაერო თავდასხმების შესახებ ინფორმაცია კვირას, 7 იანვარს ადგილობრივმა დამოუკიდებელმა ონლაინმედიამ და BBC-ის მიანმარულენოვანმა სამსახურმაც გაავრცელა, თუმცა, სამხედრო მთავრობამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უარყო და თქვა, რომ ეს "ყალბი ამბავი" დამოუკიდებელი ონლაინ საინფორმაციო სამსახურის, Khit Thit Media-ს გავრცელებულია. ეს უკანასკნელი მიანმარში ხუნტის წინააღმდეგ მიმდინარე აჯანყებას თანაუგრძნობს.

სახელმწიფო ტელევიზია MRTV-ის საინფორმაციო გამოშვებაში გაავრცელეს, მათი მტკიცებით, ერთ-ერთი ადგილობრივი ოფიციალური პირის კომენტარი. მისი თქმით, იმ რეგიონში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა, თვითმფრინავი საერთოდ არ გამოჩენილა. ტელევიზიას ოფიციალური პირის ვინაობა არ დაუსახელებია.

საგაინგის რეგიონი მიანმარში ქვეყნის მმართველი სამხედრო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე აჯანყების ერთ-ერთი დასაყრდენია. ოლქის დედაქალაქი და კიდევ ორი პატარა ქალაქი, მათ შორის, ხამპატი, აჯანყებულებმა - წინააღმდეგობის ძალების კოალიციამ და კაჩინის დამოუკიდებლობის არმიამ - ოქტომბერში დაწყებული შეტევის შემდეგ დაიპყრეს.

ქალაქ ხამპატში მცხოვრებლები ძირითადად ეთნიკურად ჩინური უმცირესობის წარმომადგენლები არიან და მათი უმრავლესობა ბაპტისტი ქრისტიანია. ბირმელი უმრავლესობით დასახლებულ, ძირითადად ბუდისტურ მიანმარში, მმართველი სამხედრო ხელისუფლება არაბირმული წარმომავლობის და არაბუდისტური მოსახლეობის მიმართ, რომლებიც ძირითადად ქვეყნის სასაზღვრო რეგიონებში არიან დასახლებულნი, მტრულ დამოკიდებულებას ავლენს.

სწორედ სამი ეთნიკური უმცირესობის შეიარაღებული ჯგუფების ალიანსმა წამოიწყო ოქტომბერში აჯანყება, რომელიც ხუნტისთვის 2021 წელს ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით ხელში აღების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ იქცა.

წინააღმდეგობის ძალებმა დიდი გამარჯვება მოიპოვეს გასულ კვირას, როდესაც კვირების განმავლობაში მიმდინარე სასტიკი ბრძოლების შემდეგ, ქვეყნის ჩრდილოეთით, ჩინეთის არასტაბილურ საზღვართან ახლოს მდებარე საკვანძო ქალაქ ლაუკაიზე კონტროლი დაამყარეს.

2021 წლის 1 თებერვალს მიანმარში მოხდა სამხედრო გადატრიალება, რომელიც არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღმდეგ უშიშროების ძალები მომაკვდინებელ ძალას იყენებდნენ.

მიანმარის სამხედრო ხუნტამ ქვეყნის ყოფილი სახელმწიფო მრჩეველი, საგარეო საქმეთა მინისტრი და დე ფაქტო ლიდერი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი დააპატიმრა. 2023 წლის 1 აგვისტოს 19 საქმეზე მსჯავრდებული სუ ჩი 5 საქმეზე შეიწყალეს. შედეგად, 78 წლის სუ ჩის 33 წლიანი სასჯელი 6 წლით შეუმცირდა.

მიანმარის არმია ათწლეულების განმავლობაში ებრძოდა ეთნიკური უმცირესობებისა და სხვათა ამბოხებებს, თუმცა 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მებრძოლთა უპრეცედენტო კოორდინაცია დაიწყო, რომელიც არმიას ყველაზე დიდ გამოწვევას უქმნის.

კომენტარები