მიანმარი

აშშ მიანმარის სამხედრო ხუნტის ლიდერებს სანქციებს უწესებს

ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც მიანმარის სამხედრო ხუნტის ლიდერებს სანქციები დაუწესდებათ. სანქციები შეეხება, როგორც სამხედრო ძალების ლიდერებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს და მათთან დაკავშირებულ ბიზნესებს. სამხედრო ხუნტას შეეზღუდება აშშ-ში არსებულ სამთავრობო ფონდებზე, დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარზე წვდომა.

კონკრეტულად ვის შეეხება სანქციები, მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი. მიანმარის სამხედრო ლიდერების ნაწილი უკვე შესულია შავ სიაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა გამო.

აშშ-ს მთავრობამ სანქციების დაწესების შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მიანმარში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.

ჯო ბაიდენი სამხედრო ხუნტას მოუწოდებს გაათავისუფლონ დაკავებული ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უფრო მკაცრი ზომების მიღებით იმუქრება.

"მიანმარელმა ხალხმა ხმა აიმაღლა და მსოფლიო ამას ხედავს. პროტესტის ზრდასთან ერთად ძალადობის გამოყენება მათ წინააღმდეგ, ვინც საკუთარ დემოკრატიულ უფლებებს იყენებს, მიუღებელია და ჩვენ ამას მუდმივად აღვნიშნავთ. ჩვენ გავამკაცრებთ კონტროლს ექსპორტზეც, გავყინავთ აშშ-ში არსებულ ყველა ანგარიშს, რომლიდანაც მიანმარის მთავრობას შეუძლია სარგებლობა, თუმცა, ამავდროულად, მივაწვდით დამხმარებას სამედიცინო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და სხვა სფეროების წარმომადგენლებს, რაც პირდაპირ მიანმარელ ხალხს დაეხმარება". - თქვა მან.

მიანმარში მასშტაბური აქციები დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად კვლავ გრძელდება. პარალელურად, სამხედრო ხუნტის ბრძანებით აკავებენ როგორც დემონსტრანტებს, ასევე ოფიციალურ პირებს. უკვე დააკავეს საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, რომლებიც უარს ამბობდნენ, დაედასტურებინათ სამხედრო ხუნტის ბრალდება არჩევნების გაყალბების თაობაზე.


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო ხუნტამ ქვეყანაში დაბლოკა Facebook, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ინფორმაციის მისაღებად და გასავრცელებლად იყენებდა. ამის შემდეგ გაიზარდა Twitter-ის მოხმარება, თუმცა მოგვიანებით ეს სოციალური ქსელიც დაიბლოკა. სამხედრო ძალების წარმომადგენლები მიზეზად ასახელებენ იმას, რომ სოციალურ მედიას "მოსახლეობაში გაუგებრობის გამოსაწვევად იყენებენ".

ეს ნაბიჯი დაგმეს როგორც Twitter-ის და Facebook-ის წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა. Amnesty International-ში აცხადებენ, რომ ეს ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს წარმოშობს.

ქვეყანაში გამოცხადებულია კომენდანტის საათი და აკრძალულია შეკრებები, თუმცა მრავალათასიანი აქციები გრძელდება. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, სამშაბათს, 9 თებერვალს, დედაქალაქ ნაიფიიდოში პოლიციამ დემონსტრანტი ქალი თავის არეში დაჭრა, კიდევ ერთი კაცი კი გულმკერდის არეშია დაჭრილი. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მიანმარს (წარსულში ბირმა) 1962 წლიდან 2011 წლამდე სამხედრო ხუნტა მართავდა, რომელმაც 1988 და 2007 წლების დემოკრატიული მოძრაობები სასტიკად ჩაახშო. სამხედრო რეჟიმი ქვეყნის მართვის სადავეებს დღემდე არ უშვებს ხელიდან, რადგანაც 2008 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, ქვეყნის პარლამენტის 25% სამხედროებს გადაეცათ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების (მინისტრების დანიშვნა, კონსტიტუციის შეცვლა) მხოლოდ ხმათა 75%-ზე მაღალი უმრავლესობითაა შესაძლებელი.

2011 წლის შემდეგ 2020 წლის 8 ნოემბერს გამართული საყოველთაო არჩევნები მეორე იყო, რომელიც ქვეყანაში ჩატარდა. 2015 წლის არჩევნებშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ბოლო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა დაახლოებით 70%-მა მიიღო. აუნ სან სუ ჩის პარტიამ პარლამენტში ადგილების 83% მოიპოვა, სამხედროებთან დაახლოებულმა ოპოზიციამ, კავშირის სოლიდარობის და განვითარების პარტიამ კი მხოლოდ 25 ადგილი. სამხედრო ძალების ლიდერებმა არჩევნების შედეგები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. საარჩევნო კომისიამ უარყო დარღვევების არსებობა.

თავად აუნ სან სუ ჩის არჩევნებში მონაწილეობის და პრეზიდენტის პოსტის დაკავების უფლება არ აქვს, რადგან მისი შვილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი სუ ჩი უკანასკნელ წლებში მძაფრი კრიტიკის ობიექტი გახდა ქვეყანაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამო, რაც გაერომ გენოციდად შეაფასა. გაეროს ანგარიშის მიხედვით, მიანმარელი გენერლები გენოციდისათვის უნდა გასამართლდნენ, ხოლო აუნ სან სუ ჩიმ და სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკმარისი არ გააკეთეს მათ შესაჩერებლად.

ჩადენილ დანაშაულთა შორის სახელდება მკვლელობა, დაპატიმრება, წამება, გაუპატიურება, მონობა, სიკვდილით დასჯა, საცხოვრებელი სახლებისა და ზოგიერთ შემთხვევაში მთელი სოფლის გადაწვა და არასრულწლოვნებზე ძალადობა.

მიანმარის სისხლიანი კონფლიქტის წარმოშობის და აუნ სან სუ ჩის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ, წაიკითხოთ ტაბულას სტატიებში.

კომენტარები