მიანმარი

მიანმარის ხუნტამ ახალგაზრდა ქალებისა და კაცებისთვის სამხედრო სამსახური სავალდებულო გახადა

REUTERS/Stringer/File Photo

მიანმარში მმართველი ხუნტის წინააღმდეგ მიმდინარე აჯანყების პარალელურად, ხელისუფლებამ ყველა ახალგაზრდა ქალისა და კაცისთვის სამხედრო სამსახური სავალდებულო გახადა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის სამხედრო ხელისუფლების მიერ კონტროლირებულმა მედიამ 10 თებერვალს გაავრცელა.

ახალი წესის მიხედვით, 18-დან 35 წლამდე მამაკაცებსა და 18-დან 27 წლამდე ქალებს 2 წლამდე მსახურების ვალდებულება ექნებათ. სპეციალისტებს, მაგალითად, ექიმებს, 45 წლის ასაკამდე გაიწვევენ და მათ სამი წლის განმავლობაში უნდა იმსახურონ. ამასთან, ქვეყანაში აჯანყების გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, შეიძლება სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა 5 წლამდეც გაიზარდოს.

"ერის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვის მოვალეობა არა მარტო ჯარისკაცებზე, არამედ მოქალაქეებზეც ვრცელდება. ამიტომ მინდა ყველას ვუთხრა, ამაყად მიჰყვნენ ხალხის სამხედრო სამსახურის კანონს". - თქვა ხუნტის წარმომადგენელმა, ზავ მინ თუნმა მედიისთვის მიცემულ კომენტარში.

აღსანიშნავია, რომ სავალდებულო გაწვევის კანონი მიანმარში 2010 წელს შემოიღეს, თუმცა, მაშინ არ აღსრულებულა. კანონის თანახმად, სამხედრო სამსახურზე უარის თქმის შემთხვევაში, პირს 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

Reuters-მა საკითხთან დაკავშირებით 2 მიანმარელის, 31 წლის ექიმი კაცისა და 31 წლის ბანკირი ქალის კომენტარი ანონიმურობის დაცვით გაავრცელა.

"ვერ გავაგრძელებ ამ ქვეყანაში ცხოვრებას, რადგან ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოგვაკითხონ. თუ დამაძალებენ, უბრალოდ გავიქცევი. არავითარ შემთხვევაში არ გავწირავ თავს მათ გამო". - თქვა ექიმმა.

ბანკირი ქალის თქმით, ის შიშობს, რომ თავისი საქმიანობის გამო, შეიძლება "სპეციალისტად" მიიჩნიონ და სამხედრო სამსახურში ძალით გაიწვიონ.

"მათთვის არ ვიმსახურებ - ან ქვეყნიდან წავალ, ან რევოლუციურ ძალებს შევუერთდები". - თქვა მან.

მიანმარის არმია ათწლეულების განმავლობაში ებრძოდა ეთნიკური უმცირესობებისა და სხვათა ამბოხებებს, თუმცა 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მებრძოლთა უპრეცედენტო კოორდინაცია დაიწყო.

სამი ეთნიკური უმცირესობის შეიარაღებული ჯგუფების ალიანსმა გასული წლის ოქტომბერში წამოიწყო აჯანყება, რომელიც ხუნტისთვის 2021 წელს ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით ხელში აღების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ იქცა.

წინააღმდეგობის ძალებმა დიდი გამარჯვება მოიპოვეს იანვრის დასაწყისში, როდესაც კვირების განმავლობაში მიმდინარე სასტიკი ბრძოლების შემდეგ, ქვეყნის ჩრდილოეთით, ჩინეთის არასტაბილურ საზღვართან ახლოს მდებარე საკვანძო ქალაქ ლაუკაიზე კონტროლი დაამყარეს.

2021 წლის 1 თებერვალს მიანმარში მოხდა სამხედრო გადატრიალება, რომელიც არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღმდეგ უშიშროების ძალები მომაკვდინებელ ძალას იყენებდნენ.

მიანმარის სამხედრო ხუნტამ ქვეყნის ყოფილი სახელმწიფო მრჩეველი, საგარეო საქმეთა მინისტრი და დე ფაქტო ლიდერი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი დააპატიმრა. 2023 წლის 1 აგვისტოს 19 საქმეზე მსჯავრდებული სუ ჩი 5 საქმეზე შეიწყალეს. შედეგად, 78 წლის სუ ჩის 33 წლიანი სასჯელი 6 წლით შეუმცირდა.

კომენტარები