ნიკა მელიას დაკავება

მამშვიდებს, რომ როცა სანდრო გაიზრდება და ჩემს ამბებს ნახავს, იამაყებს – ინტერვიუ მელიასთან

"სანდრო [მაკლია ყველაზე მეტად], რა თქმა უნდა, სანდრო" – ასე პასუხობს რუსთავის საპატიმროში მყოფი ნიკა მელია მთავარი არხის კითხვას, "ვინ აკლია ყველაზე მეტად". არხი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესთან ინტერვიუს აქვეყნებს.

"ჩემებს უთქვამთ, რომ მივლინებაში ვარ და რა იცის სანდრომ, მივლინება რა არის. ბოლო დღეები, პარტიაში რომ ვიყავი, დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი, ახლა როგორ აუხსნიან, რატომ არ ვურეკავ, არ ვიცი. მაგრამ რამე უნდა მოიფიქრონ, რამე მივლინებაზე უფრო გასაგები სანდროსთვის. 

ერთი, რაც მამშვიდებს ისაა, რომ, როცა გაიზრდება, Youtube-ში ან Google-ში რომ შევა და ნახავს ჩემს ამბებს, მგონია, რომ იამაყებს ჩემითაც და ჩემი მეგობრებითაც. ყველა ჩვენთაგანით, ვინც თავისუფლებისთვის ვიბრძოდით და მოვუტანეთ მას თავისუფლება. რომ მოვუტანთ მას თავისუფლებას, ეჭვიც არ მეპარება". – ამბობს ნიკა მელია. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც იმყოფებოდა თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.  

სააპელაციო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე პატიმრობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლომ ადვოკატების საჩივარი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ დაუშვებლად ცნო.

25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს.

კომენტარები