ნიკა მელიას დაკავება

სააპელაციომ მელიას საქმეზე პატიმრობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

ნიკა მელია
Reuters/Irakli Gedenidze

სააპელაციო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე პატიმრობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლომ ადვოკატების საჩივარი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ დაუშვებლად ცნო. ინფორმაცია ტაბულას ნიკა მელიას ადვოკატმა დაუდასტურა.

"გადაწყვეტილება მივიღეთ, არის ოროსანი სტუდენტის არგუმენტაცია მოყვანილი, თითქოს სააპელაციო სასამართლოს არ შეეძლო, განეხილა ჩვენი საჩივარი, რამდენადაც კანონი ასეთის პირდაპირ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი ანალოგიის წესის გამოყენებასა და ბრალდებულის შელახული უფლებების აღდგენაზე. მით უმეტეს, ჩვენსავე შუამდგომლობაში მკაფიოდ იყო მითითებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი სტანდარტები, რომ, მინიმუმ, ორ ინსტანციაზე უნდა გადაიხედოს და გადაისინჯოს მსგავსი ტიპის უმძიმესი შეზღუდვები, როგორიც არის პატიმრობა. 

ამავდროულად ჩნდება ლოგიკური შეკითხვა, სააპელაციოსთვის თუ ასეთი მკაფიო და ნათელი იყო, რომ ამ შუამდგომლობის განხილვა არ შეეძლო, სამი დღე რაში დასჭირდათ? რეალურად ისინი ელოდებოდნენ პოლიტიკური ნების ფორმირებას ოცნების შიგნით". – თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

ადვოკატებმა ნიკა მელიას პატიმრობის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 20 თებერვალს გაასაჩივრეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც იმყოფებოდა თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.  

კომენტარები