ნიკა მელიას საქმე

ადვოკატებმა ნიკა მელიას პატიმრობის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას პატიმრობის გადაწყვეტილება ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. როგორც ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ამბობს, მათ პატიმრობის შესახებ მოსამართლის განჩინება უკვე ჩაიბარეს. მისივე თქმით, განჩინებაში მითითებული ჩანაწერი, რომ ის ცალკე არ საჩივრდება, არაკონსტიტუციურია.

"გუშინ საღამოს ჩვენ ჩავიბარეთ ნინო ჩახნაშვილის განჩინება ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე. ამ განჩინებაში არ წერია თითქმის არაფერი, გარდა შაბლონური ტექსტებისა. ნიშანდობლივია, რომ ჩახნაშვილმა სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ ეს განჩინება ცალკე არ საჩივრდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს განმარტება არის არაკონსტიტუციური და ამიტომ, გუშინ ჩვენ წარვადგინეთ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში, რადგან მიგვაჩნია, რომ როდესაც ხდება ადამიანისთვის პატიმრობის შეფარდება, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხდება გამოძიების ეტაპზე თუ არსებითი განხილვის მიმდინარეობისას, უნდა შეიძლებოდეს მისი გასაჩივრება. 

მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს საქართველოს კონსტიტუციას, და თუკი ის ფიქრობს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იძლევა შესაძლებლობას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის, მაშინ გამოიყენოს კონსტიტუცია, როგორც უზენაესი სამართლებრივი აქტი და განიხილოს ჩვენი საჩივარი. ხოლო თუ სააპელაციო სასამართლო ჩათვლის, რომ არ უნდა დაეყრდნოს კონსტიტუციას, არამედ უნდა იხელმძღვანელოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, მაშინ ჩვენ წარდგენილი გვაქვს შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში, წარდგინებით მიმართოს თავად სააპელაციო სასამართლომ საკონსტიტუციოს, რათა გადამოწმდეს სსკ-ის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების ნორმატიული შინაარსი. ჩვენ უკვე გავასაჩივრეთ პატიმრობის გადაწყვეტილება". – თქვა საძაგლიშვილმა

16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არ გაატანდნენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავენ.

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს.

კომენტარები