ნიკა მელიას დაკავება

პენიტენციური: მელია შეძლებს ტელევიზორით სარგებლობას, თუ მას ჩვენს მაღაზიაში იყიდის

reginfo.ge

23 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარის, ნიკა მელიას  პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შემდეგ მედიასთან გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მელიას საკანში არ აქვს ტელევიზორი. მან იმედი გამოთქვა, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ამ ლოჯისტიკურ საკითხს დროულად მოაგვარებს.

ამასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურმა გაავრცელა განმარტება, სადაც წერია,რომ ნიკა მელიას პენიტენციურ დაწესებულებაში ტელევიზორით სარგებლობა შეეძლება, თუ ის ტელევიზორს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში შეიძენს, ამისთვის კი მას უნდა დაუმზადდეს სპეციალური საბანკო ბარათი, რომლითაც ის შეძლებს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ანგარიშსწორებას.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ბრალდებულ ნიკანორ მელიას, ისევე როგორც პენიტენციურ სისტემაში მყოფ ნებისმიერ სხვა პატიმარს, ექნება ტელევიზორით სარგებლობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიძენს ტელევიზორს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში. ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის ნიკანორ მელიას, პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის შემდეგ უნდა დაუმზადდეს საბანკო ბარათი, რომლითაც ის შეძლებს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ანგარიშსწორებას. ამისთვის პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია პატიმრის მონაცემებს დადგენილი წესით აწვდის ბანკს, რაც დღეს უკვე გაკეთდა და რამდენიმე დღეში დამზადდება საბანკო ბარათი". – წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში


საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა.

ლომჯარიამ ტელეკომპანია ფორმულასთან ისაუბრა და თქვა, რომ ნიკა მელია შეხვედრის დროს თავს ოპტიმისტურად და მხნედ გრძნობდა.

"ნიკა მელია საკმაოდ ოპტიმისტურად იყო, ყოველ შემთხვევაში საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა. აინტერესებდა მიმდინარე მოვლენები. მოგეხსენებათ, ჯერჯერობით მას არ აქვს ტელევიზორი, ეს მოთხოვნა დააყენა, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა. იმედი მაქვს, მალე მოგვარდება ეს ტექნიკური მხარე. სხვა მხრივ, მოპყრობასთან და პირობებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, მას ჩემთან პრეტენზიები არ დაუფიქსირებია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი დღეს, 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.

კომენტარები