ნიკა მელიას დაკავება

"საკმაოდ ოპტიმისტურად იყო" – ნინო ლომჯარია ნიკა მელიას შეხვდა

სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა.

ლომჯარიამ ტელეკომპანია ფორმულასთან ისაუბრა და თქვა, რომ ნიკა მელია შეხვედრის დროს თავს ოპტიმისტურად და მხნედ გრძნობდა.

"ნიკა მელია საკმაოდ ოპტიმისტურად იყო, ყოველ შემთხვევაში საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა. აინტერესებდა მიმდინარე მოვლენები. მოგეხსენებათ, ჯერჯერობით მას არ აქვს ტელევიზორი, ეს მოთხოვნა დააყენა, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა. იმედი მაქვს, მალე მოგვარდება ეს ტექნიკური მხარე. სხვა მხრივ, მოპყრობასთან და პირობებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, მას ჩემთან პრეტენზიები არ დაუფიქსირებია.

ძირითადი მიზანი აქ მოსვლის იყო, რომ გამეგო, თუ ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი და პირადად მენახა მისი პირობები, თუმცა ასევე ვისაუბრეთ მის მოლოდინებზე, წინა დღეებთან დაკავშირებით, რა ხდებოდა, რა მოლოდინები ჰქონდა, გაიხსენა დღევანდელი დილა და მოვლენები". – თქვა ლომჯარიამ.

დღეს, 23 თებერვალს,  სახალხო დამცველი ქართული ოცნების წევრებმა ნიკა მელიას დაკავებაზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკეს. როგორც ლომჯარიამ სპეცოპერაციისას დაწერა, "არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა." 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი დღეს, 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.

კომენტარები