ნიკა მელიას დაკავება

ლომჯარია: ვოლსკიმ არ იცის სახალხო დამცველის მანდატი, აკეთებს არაკომპეტენტურ განცხადებებს

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ნიკა მელიასთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე, კიდევ ერთხელ ისაუბრა ენმ-ს თავმჯდომარის დაკავების ფაქტზე და თქვა, რომ ამ საქმეში პოლიტიკური მდგენელი აჭარბებს სამართლებრივ მდგენელს.

"მისი [ნიკა მელიას] წინასწარი პატიმრობა, როგორც აღმკვეთი ღონისძიების სახე, არ იყო დასაბუთებული და მიმაჩნია, რომ მის საქმეში, მის დაკავებაში პოლიტიკური მდგენელი აჭარბებს სამართლებრივ მდგენელს. სამართლებრივი არგუმენტები არის სუსტი, თუმცა პოლიტიკური სურვილები და პოლიტიკური მიზნები ამ საქმის უკან უფრო მკაფიოდ იკვეთება, იმ განცხადებებითაც დასტურდება, რასაც ძალიან მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის უკვე არჩეული პრემიერმინისტრიც აკეთებდა". – თქვა მან.

ამასთან ერთად, ლომჯარიამ ქართული ოცნების წევრების კრიტიკასაც უპასუხა და თქვა, რომ გია ვოლსკიმ არ იცის, რა არის საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი.

"საქართველოს პარლამენტის წევრებმა არ იციან, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მერამდენე მოწვევის პარლამენტის წევრია ბატონი ვოლსკი, მან არ იცის საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი და აბსოლუტურად არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებს". – თქვა მან.

ქართული ოცნების წევრებმა ლომჯარია ნიკა მელიას დაკავებაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ გააკრიტიკეს. როგორც ლომჯარიამ სპეცოპერაციისას დაწერა, "არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა." 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი დღეს, 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.

კომენტარები