ნიკა მელიას დაკავება

მდინარაძე ლომჯარიაზე: მოუწევს პასუხის გაცემა, რით იყო მისი განცხადება განპირობებული

"მოუწევს პასუხის გაცემა, რით იყო მისი განცხადება განპირობებული". – ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებაზე.

"სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში უნდა წარსდგეს საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშით. მე მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მას მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე - რით იყო მისი ეს განცხადება გამოწვეული, მაშინ, როდესაც სამართლებრივი და ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა იმ ძალიან კარგად დაგეგმილ და ჩატარებულ ღონისძიებას, რომელიც დრეს განხორციელდა, პრაქტიკულად, დაზიანებების და სერიოზული გართულებების გარეშე". – ამბობს მამუკა მდინარაძე. 

ნინო ლომჯარია ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა. 

"არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც აუცილებლად მოყვება, საბჭოთა საქართველოს მსგავსად, დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება". – დაწერა მან. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი დღეს, 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.

კომენტარები