ნიკა მელიას დაკავება

მდინარაძე აშშ-ის საელჩოზე: კრიტიკული განცხადებაა, შევეცდებით, სიმართლეში დავარწმუნოთ

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება.

"არაგულწრფელი უნდა ვიყო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კრიტიკული განცხადება. 

ჩვენ დეტალურად შევეცდებით, ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი დავარწმუნოთ სიმართლეში. აქ არის ერთი მთავარი ამბავი - აქ არის სიმართლე, რომ ადამიანმა თავად თქვა კანონის შესრულებაზე უარი". – ამბობს მამუკა მდინარაძე.

აშშ-ის საელჩო ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ "შეძრწუნებული ვართ ხელისუფლების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით". 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი დღეს, 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამაცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.

კომენტარები