ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ნიკა მელიას დაკავების გამო ღრმად შეშფოთებას გამოთქვამს. აშშ-ის შეფასებით, საქართველომ უკან დაიხია დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.
"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით.
ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე". – აცხადებს საელჩო.
შსს-ს საპოლიციო ძალები ენმ-ის ოფისში 23 თებერვლის დილას შევიდნენ და ნიკა მელია დააკავეს. ადგილზე მყოფი ადამიანების თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის ოთახში შეჭრილმა სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.