ნიკა მელიას საქმე

მელიას ადვოკატი: დაკავების გადადება მისასალმებელია, თუმცა არ არის საკმარისი – არ მსმენია

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი, ბექა ბასილაიას ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მელიას დაკავების გადადება სწორი საქციელი იყო. ბასილაიას თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება პრაქტიკაში არ ჰქონია. 

"ეს არის მისასალმებელი, თუმცა არ არის საკმარისი. ამას უნდა მოჰყვეს იმ პოლიტიკურად მოტივირებული, არაკანონიერი გადაწყვეტილების გაუქმება, რამაც შექმნა კონფრონტაციული ფონი. საამისოდ პროცედურები არსებობს. იმავე მოსამართლეს შეუძლია, ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, გააუქმოს ნიკა მელიას განჩინება, ხოლო რაც შეეხება აღსრულების გადავადებას, პირველად ვხვდები პრაქტიკაში მსგავსს, არც მსმენია. ეს კონფრონტაციული ფონი, რომელიც ხელისუფლებამ წარმოშვა, მანვე ჩაახშო. კობახიძის რიტორიკა არ შეესაბამება იმას, რაც უნდა მოხდეს". – თქვა ბასილაიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება დროებით გადადო.

ნაციონალური მოძრაობის ოფისში სამართალდამცველები უკვე მივიდნენ, თუმცა მათ ენმ-ის ოფისში შესვლის საშუალება არ მისცეს.

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. 

მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა სენატორი რიში. მისი შეფასებით, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა ხშირ შემთხვევად იქცა. ასევე, მისი განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება ქართული დემოკრატიისთვის სახიფათოა. 

მელიას საქმეს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩიც, იან კელი. როგორც ის წერს, ისედაც არსებულ დაძაბულ ვითარებას ნიკა მელიას დაკავება კიდევ უფრო გაამწვავებს. 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით კი სასამართლოს გადაწყვეტილება "უკიდურესად შემაშფოთებელია". ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები გადაწყვეტილებას შეცვლიან.  


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები