ნიკა მელიას საქმე

ოპოზიცია: სოლიდარობას ვუცხადებთ მელიას, შეეწინააღმდეგოს სვლას სრული ავტორიტარიზმისკენ

ტაბულა

ოპოზიციური პარტიები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიაზე საერთო განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი სოლიდარობას უცხადებენ მელიას, "შეეწინააღმდეგოს ქართული ოცნების სვლას სრული ავტორიტარიზმისკენ."

"ქართული ოცნების დღევანდელი გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების მეტად დრამატულ ეტაპზე გადასვლისკენ მიუთითებს. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ 8 მარტის შეთანხმება დაარღვია, არ გაათავისუფლა ყველა პოლიტპატიმარი, წამოიწყო ახალი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, ახლა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება გადაწყვიტა. მოლოდინის რეჟიმშია საქმეები სხვა პოლიტიკური, მედია და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ". – ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსული ოკუპაციის ფონზე, სიმბოლური და აღსანიშნავია, რომ "ნიკა მელიას ბრალი დასდეს აბსურდსა და გაყალბებულ საქმეში", რომელიც 2019 წლის 20 ივნისის პროტესტს უკავშირდება.

"მანამდე, ქართულმა ოცნებამ კომუნისტი, რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი მოიწვია საპარლამენტო სესიის თავმჯდომარედ. 

ყველა ოპოზიციური პარტია მშვიდობიანად სოლიდარობას უცხადებს ნიკა მელიას და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მცდელობას, წინააღმდეგობა გაუწიოს ქართული ოცნების სვლას სრული ავტორიტარიზმისკენ". – წერია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ: 

  • ნაციონალური მოძრაობა 
  • ევროპული საქართველო 
  • ლეიბორისტული პარტია 
  • ლელო
  • სტრატეგია აღმაშენებელი 
  • გირჩი-მეტი თავისუფლება 
  • გამარჯვებული საქართველო 
  • ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა 
  • რესპუბლიკური პარტია 
  • ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
  • ქრისტიან-კონსერვატიული მოძრაობა 
  • ახალი ქრისტიან-დემოკრატები 
  • სამართლიანობისთვის 
  • ტრიბუნა 
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის 
  • ევროპელი დემოკრატები 
  • კანონი და სამართალი 
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის 
  • თავისუფალი დემოკრატები 
  • ელენე ხოშტარია 
  • შალვა შავგულიძე

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. 

ნიკა მელია ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისშია. როგორც ლიდერები ამბობენ, აპირებენ, ნიკა მელია ფიზიკურად დაიცვან და მის დაპატიმრებას არ დაუშვებენ.

მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა სენატორი რიში. მისი შეფასებით, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა ხშირ შემთხვევად იქცა. ასევე, მისი განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება ქართული დემოკრატიისთვის სახიფათოა. 

მელიას საქმეს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩიც, იან კელი. როგორც ის წერს, ისედაც არსებულ დაძაბულ ვითარებას ნიკა მელიას დაკავება კიდევ უფრო გაამწვავებს. 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით კი სასამართლოს გადაწყვეტილება "უკიდურესად შემაშფოთებელია". ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები გადაწყვეტილებას შეცვლიან. 


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები