ნიკა მელიას საქმე

მელია: ოცნების დეპუტატმა, ჩიგოგიძემ გუშინ 7-ჯერ დამირეკა, მითხრა ღილაკს ხელს არ მივაჭერო

ვასილ ჩიგოგიძე / ნიკა მელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ ქართული ოცნების დეპუტატმა, ვასილ ჩიგოგიძემ მას გუშინ, 15 თებერვალს რამდენჯერმე დაურეკა და უთხრა, რომ მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარს არ დაუჭერდა:

"ქართული ოცნების ერთი დეპუტატი გუშინ მეხმიანებოდა, შეხვედრას მთხოვდა. ვუთხარი, რომ არაფერი შენთან სალაპარაკო არ მაქვს, ხვალ ჩატარდება კენჭისყრა, შევხედავ კენჭისყრის შედეგებს, იქნება შენი ხმა დაფიქსირებული ჩემი დაჭერის სასარგებლოდ, იქნება, დანარჩენს მერე მოგახსენებ, არ იქნება და მე დაგირეკავ და მე თვითონ გნახავ. შვიდჯერ დამირეკა. დღეს ისე მისცა ხმა, მგონი, ის ღილაკი ჩაამტვრია...

...ვასილ ჩიგოგიძე, ადამანი, რომელსაც, რომ ჰკითხო ღირსეულია... ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან აპირებდა კენჭისყრას. ბატონი ჩიგოგიძე მე გავიცანი სასამართლოში, ორივე ვიყავით ბრალდებული ქართუ ბანკის საქმეზე...

...შეწუხებული იყო ადამიანი, ისევე, როგორც დარწმუნებული ვარ, ყველა. არ შეიძლება, მოგწონდეს ადამიანის დაჭერა, რომელსაც ვერ ედავები ვერაფერს სამართლებრივად. გუშინ მეუბნებოდა, ღილაკს ხელს არ მივაჭერო და დაგიმტკიცებ, რომ მართალი ვარო."

პროკურატურამ მელიას დაკავების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს, 16 თებერვალს მიმართა. მანამდე პარლამენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა - 88 მომხრე, 2 წინააღმდეგი.


საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც ის ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები