ნიკა მელიას საქმე

პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა

88 მომხრე, 2 წინააღმდეგი - პარლამენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა. 

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, ენმ-ის თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება, გირაო, პატიმრობით შეეცვალოს.   

პარლამენტს მელიას დაპატიმრებაზე ნებართვის არგაცემისკენ მოუწოდებდნენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. TI-ის განცხადების მიხედვით, "ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას". ნინო ლომჯარიას შეფასებით კი ოპოზიციონერების მიმართ პატიმრობის გამოყენება "მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ."

იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერდა, 13 თებერვალს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, "ჩვენი, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალის, ამოცანაა, უზრუნველვყოთ კანონის უზენაესობა, უპირობოდ დავიცვათ თანასწორობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილებით არ შევაფერხოთ მართლმსაჯულების აღსრულება."


საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც ის ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები