მე-10 მოწვევის პარლამენტი

კორძაია: თემა უკვე ამოიწურა, ქართული ოცნება არ წამოვიდა არანაირ კომპრომისზე

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას თქმით, უბარიერო პროპორციული სისტემის კანონპროექტის კენჭისყრის დროს საპარლამენტო მოსმენებში მონაწილეობის მიღების თემა უკვე ამოწურულია, ვინაიდან ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე გამოხატეს თავიანთი პოზიცია და მმართველი პარტიაც კი, კომპრომისზე არ წამოვიდა. 

"ინიციატივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო პოლიტიკური პარტიების საერთო თანხმობის შემთხვევაში ამის გაკეთება. პოლიტიკურმა პარტიებმა გამოხატეს თავიანთი პოზიცია, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი არჩევნების და ამას მოყოლებული საარჩევნო რეფორმის ფარგლებში არიან მზად, შევიდნენ და ხმა მისცენ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ თემა უკვე ამოიწურა და ამ ფორმით ამ საკითხზე საუბარი რთული იქნება, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ქართული ოცნებაც კი არ წამოვიდა არანაირ კომპრომისზე". – თქვა კორძაიამ. 

გუშინ, 10 თებერვალს, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ, თუ ხელისუფლება ოპოზიციას შესთავაზებს უბარიერო პროპორციულ სისტემას და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, რესპუბლიკური პარტია მზად არის, ამ კანონპროექტს კენჭისყრის დროს 3 მოსმენით მხარი დაუჭიროს და მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა. ხათუნა სამნიძის მტკიცებით, "ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, მუშაობას, დარჩენას, ეს ნიშნავს ხელის მიჭერას".

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სამნიძის განცხადებას ბავშვური თამაში უწოდა და თქვა, რომ "0%-იანი ბარიერი სამსჯელოა, 3%-იანი ხელში აქვთ".

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით კი პარტიისთვის წარმოუდგენელია ორდღიანი "შესვლები" და ღილაკებზე ხელის დაჭერა.


პარლამენტმა ოპოზიციის 51 დეპუტატს, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით მიმართეს და მანდატებზე უარი თქვეს, 2 თებერვლის სხდომაზე უფლებამოსილება არ შეუწყვიტა

მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხ წევრს, რომლებიც პარლამენტში ევროპელი სოციალისტების სახელით შევიდნენ, ასევე, გირჩის სამ წევრს. მათ ქართულ ოცნებას სთხოვეს, არ გაეუქმებინათ ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო მანდატები.

პარლამენტში უკვე შევიდა პარტია მოქალაქეების ორი წევრი – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. ელისაშვილის თქმით, ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს საარჩევნო საკითხების "ფუნდამენტურ ცვლილებას" და დოკუმენტის მიხედვით, ეს საკითხები პარლამენტში პირველ მარტამდე ინიცირდება.

კომენტარები