მიანმარი

სამხედრო რეჟიმის გაფრთხილების მიუხედავად, მიანმარში საპროტესტო აქციები გრძელდება

Reuters

მიანმარში  სამხედრო გადატრიალების მოწინააღმდეგეები პირობას დებენ, რომ მასობრივი თავშეყრის აკრძალვის, კომენდანტის საათის დაწესებისა და გზების გადაკეტვის მიუხედავად, მშვიდობიან პროტესტს გააგრძელებენ. დემონსტრანტები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, ასევე სურთ, გააუქმონ კონსტიტუცია, რომელმაც არმიას ვეტოს დადების უფლება მისცა.

მას შემდეგ, რაც მიანმარის დიდ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, სამხედრო ხუნტამ ხუთზე მეტი ადამიანის თავშეყრა აკრძალა, ასევე, ორ უდიდეს ქალაქში, იანგონსა და მანდალაიში დაწესდა კომენდანტის საათი საღამოს 8 საათიდან დილის 5 საათამდე. 

მთავრობის მიერ კონტროლირებულ სამაუწყებლო კომპანია MRTV-ზე სამხედრო ხუნტის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ საპროტესტო აქციების გამო “დემოკრატია, შესაძლოა, განადგურდეს”. ასევე,  მათი თქმით, ადამიანები, რომლებიც “ზიანს მიაყენებენ სახელმწიფოს სტაბილურობას, საჯარო უსაფრთხოებასა და კანონის წესრიგს” პასუხს აგებენ. 

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები, შესაძლოა, 144-ე მუხლით გასამართლდნენ, რომელიც “უკანონო შეკრებას” ეხება. ეს მუხლი აქამდეც გამოუყენებიათ, რათა კანონიერი საპროტესტო გამოსვლები შეეჩერებინათ და დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენება გაემართლებინათ. სამხედრო ხუნტის რეჟიმმა 8 თებერვალს დედაქალაქ ნაიფიიდოში მშვიდობიან დემონსტრანტთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა კიდეც.

ამ ყველაფრის მიუხედავად, საპროტესტო აქციები გრძელდება. სამოქალაქო აქტივისტები დემონსტრანტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაერთიანებასა და ერთმანეთისთვის სისტემატური დახმარებისკენ, საჯარო მოხელეებს კი გაფიცვების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. 

პროტესტის ტალღა სამხედრო ხუნტის ლიდერის, მინ აუნ ჰლაინის მიერ ახალი არჩევნების ჩატარების დაპირებამაც არ ჩაახშო. მისი თქმით, სამხედრო რეჟიმი “ნამდვილ და მოწესრიგებულ დემოკრატიას” დაამყარებს. ამ დაპირების მიუხედავად, მიანმარში საგანგებო სიტუაცია მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცათ, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო ხუნტამ ქვეყანაში დაბლოკა Facebook, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ინფორმაციის მისაღებად და გასავრცელებლად იყენებდა. ამის შემდეგ გაიზარდა Twitter-ის მოხმარება, თუმცა მოგვიანებით ეს სოციალური ქსელიც დაიბლოკა. სამხედრო ძალების წარმომადგენლები მიზეზად ასახელებენ იმას, რომ სოციალურ მედიას "მოსახლეობაში გაუგებრობის გამოსაწვევად იყენებენ".

ეს ნაბიჯი დაგმეს როგორც Twitter-ის და Facebook-ის წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა. Amnesty International-ში აცხადებენ, რომ ეს ადამიანის უფლებათა დარღვევების რისკს წარმოშობს.

მიანმარს (წარსულში ბირმა) 1962 წლიდან 2011 წლამდე სამხედრო ხუნტა მართავდა, რომელმაც 1988 და 2007 წლების დემოკრატიული მოძრაობები სასტიკად ჩაახშო. სამხედრო რეჟიმი ქვეყნის მართვის სადავეებს დღემდე არ უშვებს ხელიდან, რადგანაც 2008 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, ქვეყნის პარლამენტის 25% სამხედროებს გადაეცათ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების (მინისტრების დანიშვნა, კონსტიტუციის შეცვლა) მხოლოდ ხმათა 75%-ზე მაღალი უმრავლესობითაა შესაძლებელი.

2011 წლის შემდეგ შემდეგ 2020 წლის 8 ნოემბერს გამართული საყოველთაო არჩევნები მეორე იყო, რომელიც ქვეყანაში ჩატარდა. 2015 წლის არჩევნებში ასევე აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ბოლო არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა დაახლოებით 70%-მა მიიღო. აუნ სან სუ ჩის პარტიამ პარლამენტში ადგილების 83% მოიპოვა, სამხედროებთან დაახლოებულმა ოპოზიციამ, კავშირის სოლიდარობის და განვითარების პარტიამ კი მხოლოდ 25 ადგილი. სამხედრო ძალების ლიდერებმა არჩევნების შედეგები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. საარჩევნო კომისიამ უარყო დარღვევების არსებობა.

თავად აუნ სან სუ ჩის არჩევნებში მონაწილეობის და პრეზიდენტის პოსტის დაკავების უფლება არ აქვს, რადგან მისი შვილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი სუ ჩი უკანასკნელ წლებში მძაფრი კრიტიკის ობიექტი გახდა ქვეყანაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამო, რაც გაერომ გენოციდად შეაფასა. გაეროს ანგარიშის მიხედვით, მიანმარელი გენერლები გენოციდისათვის უნდა გასამართლდნენ, ხოლო აუნ სან სუ ჩიმ და სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკმარისი არ გააკეთეს მათ შესაჩერებლად.

ჩადენილ დანაშაულებს შორის სახელდება მკვლელობა, დაპატიმრება, წამება, გაუპატიურება, მონობა, სიკვდილით დასჯა, საცხოვრებელი სახლებისა და ზოგიერთ შემთხვევაში მთელი სოფლის გადაწვა და არასრულწლოვნებზე ძალადობა.

მიანმარის სისხლიანი კონფლიქტის წარმოშობის და აუნ სან სუ ჩის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ, წაიკითხოთ ტაბულას სტატიებში.

კომენტარები