გაეროს გამომძიებლების ანგარიშის მიხედვით მიანმარის სამხედრო ძალებმა რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯას ეთნიკური უმცირესობის მიმართ დანაშაული "გენოციდის განზრახვით" ჩაიდინეს და მათ მიერ გამოყენებული ძალა არაპროპორციული იყო იმ საფრთხისა, რაც მთავრობის თქმით რეგიონში არსებობდა.
ანგარიშის მიხედვით მასობრივი მკვლელობების და გაუპატიურებების გამო 6 გენერალი უნდა გასამართლდეს, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩადენილ დანაშაულებში. ასევე უნდა ჩატარდეს გამოძიება უმაღლეს სამხედრო თანამდებობებზე მყოფი პირების კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობის დასადგენადაც.
ანგარიშის მიხედვით მიანმარში განვითარებული მოვლენების საკითხი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უნდა გადაეცეს.
ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ მიანმარის მთავრობამ, რომელსაც ნობელის პრემიის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი ხელმძღვანელობს, საშუალება მისცა სიძულვილის ენის გავრცელებას, გაანადგურა დოკუმენტები და ვერ დაიცვა როჰინჯა მუსლიმები არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისაგან და შესაბამისად მათაც მიუძღვით წვლილი მომხდარში.
"რაკჰაინის პროვინციაში ჩადენილი დანაშაულები და მათი ჩადენის მანერა თავისი ბუნებით, სიმძიმითა და მასშტაბით მსგავსია იმ დანაშაულებისა, რომლებიც გენოციდის განზრახვით იყო ჩადენილი სხვა შემთხვევებში." ნათქვამია გაეროს დამოუკიდებელი მისიის ანგარიშშიც.
ჩადენილ დანაშაულებს შორის სახელდება მკვლელობა, დაპატიმრება, წამება, გაუპატიურება, მონობა, სიკვდილით დასჯა, საცხოვრებელი სახლების და ზოგიერთ შემთხვევაში მთელი სოფლის გადაწვა და არასრულწლოვნებზე ძალადობა.
შეგახსენებთ, რომ მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია გასული წლის აგვისტოს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყნიდან 700,000-ზე მეტი როჰინჯა მუსლიმი გაიქცა.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, ექიმები საზღვრებს გარეშე, ანგარიშის მიხედვით მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში განვითარებული ძალადობის შედეგად გასული წლის 25 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით 9,000 როჰინჯა მუსლიმი დაიხოცა. მათგან 6,700 გარდაცვალება ძალადობის შედეგად არის გამოწვეული. მათ შორის არის 730-მდე ბავშვი, რომელთა ასაკი 5 წელს არ აღემატებოდა. ანგარიშის მიხედვით გარდაცვალებათა 69% ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია, 9% საკუთარ სახლში დაწვეს, ხოლო 5% ცემით მიიყვანეს სიკვდილამდე.
როგორ წარმოიშვა მიანმარის სისხლიანი კონფლიქტი შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.