მიანმარი

მიანმარში სამხედრო ხუნტამ Facebook-ი დაბლოკა

სამხედრო გადატრიალებისა შემდეგ სამხედრო ხუნტამ მიანმარში Facebook-ი და სხვა საკონტაქტო სერვისები "სტაბილურობის შენარჩუნებისთვის" დაბლოკა.

Facebook-ი მიანმარში წამყვანი ინტერნეტპლატფორმაა.  მიანმარის მოსახლეობის თითქმის ნახევარი Facebook-ის მომხმარებელია.

სამხედრო გადატრიალების მოწინააღმდეგეები აქტიურად იყენებენ სოციალურ მედიას თავისი პოზიციის გამოსახატად. Facebook-ზე სწრაფად გავრცელდა ინფორმაცია და ფოტოები სხვადასხვა საპროტესტო აქციებიდან, რომლებიც ორი დღეა, რაც ქვეყანაში იმართება. სოციალურ ქსელებს დაუმორჩილებლობის კამპანიის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ სახელმწიფო საავადმყოფოების თანამშრომლებიც, რომლებიც არმიას პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე წინ საკუთარი ინტერესების დაყენებაში ადანაშაულებენ.

მიანმარის კომუნიკაციების და ინფორმაციის სამინისტროს ინფორმაციით, Facebook-ი 7 თებერვლამდე დაბლოკილი იქნება.

"ამჟამად ხალხი, რომელიც ქვეყნის სტაბილურობას ემუქრება ავრცელებს ყალბ ცნობებს, დეზინფორმაციას და Facebook-ის მომხმარებლებში გაუგებრობას იწვევენ". - ნათქვამია სამინისტროს წერილში.

ნორვეგიული კომპანიის, Telenor Asa-ს ინფორმაციით, რომელიც მიანმარში მობილური ქსელის წამყვანი ოპერატორია, კომპანიას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და Facebook-ის დაბლოკვის მითითებას უნდა დამორჩილებოდა.

"მართალია, მითითება დაფუძნებულია მიანმარის კანონმდებლობაზე, Telenor-ს არ თვლის, რომ მოთხოვნა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაშია და საჭიროებიდან გამომდინარეობს" - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Facebook-ის წარმომადგენელმა ენდი სტოუნმა მოუწოდა სამხედრო ხუნტას, აღადგინოს Facebook-ზე წვდომა, რათა "ადამიანებმა მიანმარში შეძლონ,ოჯახებთან და მეგობრებთან დაკავშირება და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება".

Twitter-ი, რომელიც მიანმარში ნაკლებად პოპულარულია, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ხდება და #CivilDisobedienceMovement (სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა) და #JusticeForMyanmar (სამართლიანობა მიანმარისთვის) მიანმარში ყველაზე გავრცელებული ჰეშთეგები გახდა.

Facebook-ის სერვისის შეზღუდვამდე პოლიციამ მიანმარის დე-ფაქტო ლიდერ აუნ სან სუ ჩის საკომუნიკაციო ტექნიკის, კერძოდ, 6 რაციის, ქვეყანაში უკანონოდ შემოტანისა და უნებართვოდ გამოყენებისთვის ბრალი წაუყენა. ის პატიმრობაში 14 თებერვლამდე დარჩება.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის წარმომადგენელის ინფორმაციით, სუ ჩისთვის წარდგენილი ბრალი "ხუნტის აბსურდული ნაბიჯია ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის".


მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. შეიარაღებული ძალების სატელევიზიო არხის მიხედვით, ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცათ, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინგს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს.

სამხედრო გადატრიალების შემდეგ მისმა მოთავეებმა უკვე შექმნეს უზენაესი საბჭო, რომელიც მთავრობაზე მაღლა იდგება და ქვეყანას განაგებს. ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. სამხედრო ძალების მეთაურები ამბობენ, რომ ამის შემდეგ არჩევნებს ჩაატარებენ.

მოსახლეობის ნაწილი დაუმორჩილებლობას აცხადებს. ქვეყნის მასშტაბით 70 საავადმყოფოში გაფიცვა გამოაცხადეს. ასობით ექიმი შეუერთდა "წითელი ბაფთის მოძრაობას", რომელიც სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებს.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

მიმდინარე კვირას უნდა გამართულიყო არჩევნების შემდეგ პარლამენტის პირველი სესია, რომელზეც მთავრობა უნდა დაემტკიცებინა. აუნ სან სუ ჩის პარტიას მოპოვებული მანდატები მთავრობის ფორმირებისათვის ჰყოფნიდა.

მიანმარს (წარსულში ბირმა) 1962 წლიდან 2011 წლამდე სამხედრო ხუნტა მართავდა, რომელმაც 1988 და 2007 წლების დემოკრატიული მოძრაობები სასტიკად ჩაახშო. სამხედრო რეჟიმი ქვეყნის მართვის სადავეებს დღემდე არ უშვებს ხელიდან, რადგანაც 2008 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, ქვეყნის პარლამენტის 25% სამხედროებს გადაეცათ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების (მინისტრების დანიშვნა, კონსტიტუციის შეცვლა) მხოლოდ ხმათა 75%-ზე დიდი უმრავლესობითაა შესაძლებელი.

2011 წლის შემდეგ შემდეგ 2020 წლის 8 ნოემბერს გამართული საყოველთაო არჩევნები მეორე იყო, რომელიც ქვეყანაში ჩატარდა. 2015 წლის არჩევნებში ასევე აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მასში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა დაახლოებით 70%-მა. აუნ სან სუ ჩის პარტიამ პარლამენტში ადგილების 83% მოიპოვა, სამხედროებთან დაახლოებულმა ოპოზიციამ, კავშირის სოლიდარობის და განვითარების პარტიამ კი მხოლოდ 25 ადგილი. სამხედრო ძალების ლიდერებმა არჩევნების შედეგები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. საარჩევნო კომისიამ უარყო დარღვევების არსებობა.

თავად აუნ სან სუ ჩის არჩევნებში მონაწილეობის და პრეზიდენტის პოსტის დაკავების უფლება არ აქვს, რადგან მისი შვილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი სუ ჩი უკანასკნელ წლებში მძაფრი კრიტიკის ობიექტი გახდა ქვეყანაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამო, რაც გაერომ გენოციდად შეაფასა. გაეროს ანგარიშის მიხედვით, მიანმარელი გენერლები გენოციდისათვის უნდა გასამართლდნენ, ხოლო აუნ სან სუ ჩიმ და სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკმარისი არ გააკეთეს მათ შესაჩერებლად.

ჩადენილ დანაშაულებს შორის სახელდება მკვლელობა, დაპატიმრება, წამება, გაუპატიურება, მონობა, სიკვდილით დასჯა, საცხოვრებელი სახლებისა და ზოგიერთ შემთხვევაში მთელი სოფლის გადაწვა და არასრულწლოვნებზე ძალადობა.

მიანმარის სისხლიანი კონფლიქტის წარმოშობის და აუნ სან სუ ჩის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ, წაიკითხოთ ტაბულას სტატიებში.

კომენტარები