მე-10 მოწვევის პარლამენტი

კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოფა

საქართველოს მთავრობა

კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოფა. თქვა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ბევრი იფიქრეს და კულტურის სამინისტრო, მაქსიმუმ თებერვლამდე, ცალკე გამოიყოფა. ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტი გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდა. 

"ამ საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია. კულტურისა და სპორტის სამინისტრო, როგორც იყო ადრე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოეყოფა. ეს დამოკიდებულია იმ საკანონმდებლო პროცედურებზე, რომელიც აუცილებელია და ვფიქრობ, რომ თებერვალს ეს არ გადასცდება". – თქვა გიორგი გახარიამ. 

2017 წლის ნოემბერში მაშინ პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, სპორტის სამინისტრო კულტურის სამინისტროს შეუერთდა. 2018 წელს კი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდა. 

21 დეკემბერს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების დეპუტატმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ, თუ მას კულტურის მინისტრობას შესთავაზებენ, "სერიოზულად" დაფიქრდება. ახლა ის კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა. 

კომენტარები