ვილნიუსის სამიტი

საქართველომ ვილნიუსის სამიტზე დასასწრებად ოფიციალური მიწვევა მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს ვილნიუსის სამიტზე დასასწრებად მოსაწვევები 15 ოქტომბერს, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაეცათ. მათივე განმარტებით, საქართველოს სახელით შესაბამისი მიწვევა ლიტვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ხათუნა სალუქვაძეს გადასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

"მოსაწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის - საქართველოს, სომხეთის, მოლდოვას, უკრაინის და ბელორუსის ელჩებს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრიუს კრივასმა გადასცა. მოსაწვევებს ხელს აწერს ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი და ევროკომისიის თავმჯდომარე ხოსე მანუელ ბაროსო. ანდრიუს კრივასის მიერ გადაცემულ მოსაწვევებში აღნიშნულია, რომ ლიტვა, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს აღმოსავლეთ პარტნიორობას. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოთქვა რწმენა, რომ ვილნიუსის სამიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ევროკავშირის დიალოგის და აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. მან ასევე აღნიშნა, რომ სამიტის შედეგები პარტნიორ ქვეყნებს დაეხმარება ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანხვედრის მიღწევაში", - განუცხადეს ინტერპრესნიუსს საგარეო უწყებაში.

ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მესამე სამიტი მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები