თბილისის ფონიჭალის "აჰლი ბეითის" მეჩეთის Facebook გვერდზე გაზიარებულია ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მიერ მაისის ბოლოს გავრცელებული ჰაჯის გზავნილი, რომელშიც ამერიკა "დიდ სატანად" არის მოხსენიებული და ნათქვამია, რომ მომავალში ლოზუნგები "სიკვდილი ამერიკას" და "სიკვდილი ისრაელს" მსოფლიოში გავრცელებულ საერთო შეძახილად იქცევა.
თბილისში მდებარე ფონიჭალის "აჰლი ბეითის" მეჩეთი დაკავშირებულია არასამთავრობო სტატუსით მოქმედ აჰლ ალ-ბაითის მსოფლიო კრებასთან, რომელიც რეალურად ირანული რეჟიმის მხარდაჭერით მოქმედებს და დასავლეთში ირანის სპეცსამსახურების საფარ ორგანიზაციად მიიჩნევა.
-
მარნეულის მეჩეთში ანტიისრაელური და ანტიამერიკული ქადაგება გრძელდება – ახუნდმა ოცნება შეაქო
-
მარნეულში ირანის მიერ კონტროლირებული მოლები ხამენეის გლოვობენ, აშშ-ს წინააღმდეგ ქადაგებენ
-
ფონიჭალელი ახუნდი: ხამენეის მოწამეობა დაილოცოს, ის ყველაზე უარესი კაცის ხელით აღესრულა
ფონიჭალის მეჩეთში, რომელიც ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საქართველოში მოქმედი პროირანული ქსელის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, ხშირად იმართება ანტიამერიკული და პროირანული ქადაგებები.
ერთ დროს აშშ-ს მოკავშირე საქართველოში ირანის გავლენა გაიზარდა – ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა
ჰაჯის მომლოცველების მისამართით გაკეთებულ გზავნილში მოჯთაბა ხამენეი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ამერიკული ბაზებისთვის უსაფრთხო აღარ იქნება: " რეგიონის ხალხები და მიწები აღარ იქნებიან ამერიკული სამხედრო ბაზების ფარი. შეერთებულ შტატებს რეგიონში აღარ ექნება უსაფრთხო ადგილი სამხედრო ბაზების ასაშენებლად და საკუთარი მიზნების განსახორციელებლად".
მოჯთაბას თქმით, ანტიამერიკული და ანტიისრაელური პოზიცია მხოლოდ ჰაჯის სეზონური სიმბოლური რიტუალებით არ უნდა შემოიფარგლოს: "პირიქით, ირანში და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში, ამ კურთხეული დღეების შემდეგაც, ლოზუნგები 'სიკვდილი ამერიკას' და 'სიკვდილი ისრაელს' ისლამური უმმისა და მსოფლიოს ჩაგრული ხალხების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ენაზე გავრცელებულ საერთო ლოზუნგებად იქცევა."
"მომავალი ისლამურ უმმასა და ახალ ისლამურ ცივილიზაციას ეკუთვნის." – ამატებს ირანული რეჟიმის ახალი უზენაესი ლიდერი.
ამავდროულად, მოჯთაბა იხსენებს საკუთარი მამის, აიათოლა ალი ხამენეის მიერ 2015 წელს წარმოთქმულ სიტყვებს, როდესაც ირანის ყოფილმა უზენაესი ლიდერმა თქვა, რომ "25 წლის შემდეგ" ისრაელი აღარ იარსებებდა: "მყიფე სიონისტური რეჟიმი და ისრაელად წოდებული კიბოსმაგვარი ჭრილობა თავისი ბინძური სიცოცხლის ბოლო ეტაპებს უახლოვდება." – ირწმუნება თებერვლის ბოლოს აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა.
ცნობისთვის, თებერვლის მიწურულს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური საჰაერო იერიშების კამპანია. 28 თებერვალს მიტანილი პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი მოკლა.
ამას გარდა, ირანის უზენაესი ლიდერი ახსენებს "წინააღმდეგობის ფრონტსაც," რომელიც, მისი თქმით, მოიცავს ირანს, ლიბანს, პალესტინას, ერაყს, სირიას, აფრიკას, იემენს, ავღანეთს, პაკისტანსა და "მსოფლიოს ყველა თავისუფალ ხალხს".
ამ ფრონტს ხამენეი "მტკიცე თოკს" უწოდებს და ამბობს, რომ მისი წყალობით ირანმა "სიონისტი ოკუპანტი აგრესორებისგან" თავის დაცვა შეძლო და "ალ-აქსას წარღვნა" წამოიწყო, რაშიც ისრაელზე 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმა იგულისხმება.





