ვილნიუსის სამიტი

ვილნიუსის დელკარაცია: ვაღიარებთ ზოგიერთი პარტნიორის ევროპულ მისწრაფებებს

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის მონაწილეებმა 29 ნოემბერს მიიღეს დეკლარაცია, სახელწოდებით "აღმოსავლეთ პარტნიორობა: გზა წინსვლისკენ", აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს და სამომავლო გეგმებს მოიცავს.

შემაჯამებელი დოკუმენტი 14-გვერდიანია და 58 პუნქტს აერთიანებს.

დეკლარაციის თანახმად, სამიტის მონაწილეები გულთბილად მიესალმებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის რამდენიმე ქვეყნის მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯებს.

დოკუმენტის პრეამბულაში პარტნიორობის წევრი ქვეყნების ევროპულ პერსპექტივებზეა საუბარი და ნათქვამია, რომ ვილნიუსის სამიტის მონაწილეები „ადასტურებენ, რომ აღიარებენ ზოგიერთი პარტნიორის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს და მათ ერთგულებას ღრმა და მდგრადი დემოკრატიის მშენებლობის მიმართ".

დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ მონაწილეები „მხედეველობაში იღებენ ამ პარტნიორების სწრაფვას ამ მიზნების მისაღწევად. მონაწილეები ადასტურებენ (აღმოსავლეთ) პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მათ მხარდასაჭერად, ვისაც ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარება სურს. ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ამ მიმართულებით არსებითი ნაბიჯია. საერთო ფასეულობების პატივისცემა და შეთანხმების იმპლემენტაცია ჩვენ ურთიერთობებში სამომავლო პროგრესს ხელს შეუწყობს".

სამიტის ფინალურ დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მიღწეული "ძალიან კარგი" პროგრესი.
სამიტის მონაწილეები, საქართველოსა და მოლდოვასთან ასოცირების დღის წესრიგის დასკვნით ეტაპზე გადასვლას რაც შეიძლება მოკლე დროში, 2014 წელს მოელიან.

დოკუმენტის 28-ე პუნქტში აღნიშნულია, რომ სამიტის მონაწილეები მხარს უჭერენ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობას სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისში. "სამიტის მონაწილეები ხაზს უსვამენ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულ იმპლემენტაციას და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის არსებობის მნიშვნელობას. მონაწილეები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სრულად განხორციელებას და კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერას ჟენევის დისკუსიებისადმი", - აღნიშნულია დეკლარაციაში.

სამიტის მონაწილეები ფინალურ დოკუმენტში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზეც საუბრობენ.
სამიტის მონაწილეებმა 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმაც დაამტკიცეს. დეკლარაციით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის შესრულება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტზე შეფასდება, რომელიც რიგაში 2015 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.

სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე რადიო თავისუიფლებამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ სამიტის დეკლარაციის პროექტიდან ამოღებულ იქნა ფორმულირება იმის შესახებ, რომ მონაწილეები აღიარებენ პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებს ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც  ნებისმიერი დემოკრატიული ევროპული სახელმწიფოსათვის ევროკავშირში წევრობის შესაძლებლობას ითვალისწინებს. 

 

კომენტარები