ვილნიუსის სამიტი

მარგველაშვილი: სტაბილური მეზობელი საქართველო რუსეთისთვის სასარგებლოა

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვილნიუსის სამიტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოს სურს, საკუთარი ევროპული პერსპექტივით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებისთვის მიმზიდველი გახდეს.

"ასოცირების შეთანხმება არის გზა, რომელიც გვჯერა, რომ არის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემის გადაწყვეტა. ჩვენ გვჯერა და გვინდა, დემოკრატიული საქართველო ევროპული პერსპექტივით მიმზიდველი გახდეს იქ მცხოვრები ხალხისთვის. ამ გზით ვაპირებთ წასვლას და არის ბევრი არგუმენტი, რაც შეგვიძლია, გავუზიაროთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ვფიქრობ, ჩვენ რუსეთს წარმატებით ვაჩვენეთ, რომ საქართველო მტერი არ არის და სტაბილური მეზობელი საქართველო რუსეთისთვის სასარგებლოა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზემოაღნიშნული პასუხი RIA Novost-ის ჟურნალისტის კითხვას - აპირებს თუ არა შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტთან და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებთან, რათა განავითაროს ურთიერთობები? - უპასუხა.

ჟურნალისტმა ასევე ისურვა, პრეზიდენტს დაეკონკრეტებინა, ვინ მოახდინა ტერიტორიების ოკუპაცია, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ დასმულ შეკითხვას უკვე უპასუხა.

კომენტარები