ომი ახლო აღმოსავლეთში

ზედიზედ მეშვიდე ღამეა, რაც აშშ ირანში სამიზნეების წინააღმდეგ იერიშებს განაგრძობს

ირანის ჩაბაჰარის პორტში სათვალთვალო კოშკურის განადგურების კადრი, 16 ივლისი, 2026
@Vahid / X

ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის ზრდის ფონზე უკვე ზედიზედ მეშვიდე ღამეა, რაც აშშ-ს არმია ირანული რეჟიმის სამიზნეების წინააღმდეგ იერიშების მიტანას განაგრძობს.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ დღეს ღამით ირანზე დარტყმების ახალი ტალღა წამოიწყეს და ასევე საჭირო გახდა ოთხი კომერციული ხომალდის გადამისამართება, ერთის მწყობრიდან გამოყვანა და კიდევ ერთის ბორტზე ასვლა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ირანულ პორტებზე აშშ-ს მიერ ხელახლა შემოღებული ბლოკადის "სრულად დაცვა". 

ამას გარდა, წინა დღით აშშ-მ, სულ მცირე, შვიდი ხიდი დაბომბა საპორტო ქალაქ ბანდარ აბასში, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოპერაციების ცენტრად მიიჩნევა.

თავის მხრივ, ირანის რეჟიმი აშშ-ს დარტყმების პასუხად იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, ერაყსა და ქუვეითში ამერიკულ ბაზებს დაესხა თავს. 

ამავდროულად, გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს აცნობა, რომ აშშ ქვეყანაში დამატებით ათეულობით თვითმფრინავს გზავნის, რომლებსაც ჰაერში სხვა თვითმფრინავების საწვავით გამართვა შეუძლიათ, რაც ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების პოტენციური გაფართოებისთვის სამზადისს წარმოადგენს.

როგორც Axios წერს, 14 ივლისს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მრჩევლებმა რამდენიმე ახალი სამხედრო გეგმა წარუდგინეს და ახლა ის ირანზე მასიურ თავდასხმას განიხილავს, რომელიც მასშტაბებით ამჟამად ჰორმუზის სრუტეში ირანის რეჟიმის წინააღმდეგ მიტანილ დარტყმებზე დიდი იქნება. 

გამოცემის ცნობით, ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია, თუმცა, როგორც ჩანს, ის მზადაა ომის ესკალაციისთვის, რათა აშშ-მ საკმარისი ზიანი მიაყენოს ირანის რეჟიმს იმისთვის, რომ თეირანმა ჰორმუზის სრუტე გახსნას და ტრამპის ბირთვულ მოთხოვნებს დათანხმდეს. 

ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა ესკალაციის ბრძანება შესაძლოა, მომდევნო დღეებში გასცეს. 

Axios-ის მიხედვით, ამ ეტაპზე ამერიკას ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში, თელ-ავივის სიახლოვეს, 30-მდე სამხედრო თვითმფრინავი ჰყავს განთავსებული, რომელთა დანიშნულებაც ჰაერში თვითმფრინავები საწვავით გამართვაა.

ისრაელელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, აშშ-ს უნდა, რომ რეგიონში კიდევ რამდენიმე ათეული მსგავსი თვითმფრინავი გაგზავნოს, რათა მათი რაოდენობა ომის დაწყების წინა პერიოდში არსებულ რიცხვებს გაუთანაბრდეს. 

კომენტარები