ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროკავშირი მზადაა, სირიის ახალ ხელისუფლებასთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებაზე იმუშაოს.
ლიტვის საგარეოს განცხადებამდე EU-მ სირიის სახალხო ასამბლეის პირველი სხდომა ქვეყნის პოლიტიკური გარდაქმნის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
ევროპის კავშირის საბჭოს განცხადებით, ასამბლეამ ახალი კონსტიტუციის მიღებას, რეფორმების გატარებასა და ინკლუზიური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი.
ევროკავშირმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა ასამბლეასთან თანამშრომლობისა და სირიასთან პარტნიორობის გაღრმავების კუთხით, მათ შორის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის დაცვის მიზნით.
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის სწორედ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საერთო მიზნებზე თანამშრომლობა ასადის მმართველობის დროს მიღებული იმ გადაწყვეტილებების გაუქმებასაც უნდა მოიცავდეს, რომლებითაც სირიამ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა აღიარა.
"ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან, ითანამშრომლონ სირიის სახალხო ასამბლეასთან საერთო მიზნების მისაღწევად, მათ შორის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის დასაცავად, ასადის მმართველობის პერიოდში მიღებული იმ გადაწყვეტილებების გაუქმებით, რომელთა მეშვეობითაც უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის აღიარება მოხდა." – დაწერა ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ X-ზე.
სირიამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დროს, აღიარა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა. მის შემდეგ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
ხოლო ევროკავშირმა სირიის გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.




