ომი ახლო აღმოსავლეთში

ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმის გამო აშშ-მ ირანზე ახალი იერიშები მიიტანა

აშშ-ს AH-64 Apache-ს ტიპის მოიერიშე ვერტმფრენები ჰორმუზის სრუტის თავზე პატრულირებენ, 17 აპრილი, 2026
აშშ-ს ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) / X

12-13 ივლისის ღამის საათებში აშშ-მ ირანის წინააღმდეგ იერიშების ახალი ტალღა წამოიწყო მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტეში საკონტეინერო გემს დაარტყა. თავის მხრივ, თეირანმა ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით ქვეყნებზე საპასუხო დარტყმები მიიტანა.

სავაჭრო გემზე ირანის თავდასხმის შედეგად ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა, ხოლო ეკიპაჟის წევრების გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო. 

ირანის სამთავრობო მედიამ დაადასტურა, რომ 13 ივლისის დილის საათებში აშშ-მ ქვეყნის ტერიტორიაზე იერიშები მიიტანა, რასაც სხვადასხვა ადგილებში აფეთქებები მოჰყვა. 

Associated Press-ის ცნობით, ირანი საპასუხო თავდასხმამ მოიცვა ბაჰრეინი, ქუვეითი, კატარი, იორდანია და ომანი. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, სამიზნე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში "ამერიკული ბაზები და ობიექტები" იყო. 

"გუშინ შეთანხმებას დათანხმდნენ - ჩვენთვის იდეალურ შეთანხმებას, არანაირი ბირთვული შეიარაღება, არანაირი ის, არანაირი ეს, არაფერი, ყველაფერზე უარი თქვეს. ამის შემდეგ ოთახი დატოვეს და ერთ საათში გემს დრონი ესროლეს. ვუთხარი, ხალხო, თქვენ ავად ხართ, ავადმყოფები ხართ-მეთქი." – აღნიშნა ტრამპმა. 

კომენტარები