ომი ახლო აღმოსავლეთში

Axios: აშშ ირანთან შესაძლო ესკალაციისთვის ისრაელში სამხედრო თვითმფრინავებს გზავნის

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Kent Nishimura/AFP via Getty Images

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს აცნობა, რომ აშშ ქვეყანაში დამატებით ათეულობით თვითმფრინავს გზავნის, რომლებსაც ჰაერში სხვა თვითმფრინავების საწვავით გამართვა შეუძლიათ, რაც ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების პოტენციური გაფართოებისთვის სამზადისს წარმოადგენს. ამის შესახებ ცნობებს გამოცემა ამერიკელ და ისრაელელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც Axios წერს, 14 ივლისს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მრჩევლებმა რამდენიმე ახალი სამხედრო გეგმა წარუდგინეს და ახლა ის ირანზე მასიურ თავდასხმას განიხილავს, რომელიც მასშტაბებით ამჟამად ჰორმუზის სრუტეში ირანის რეჟიმის წინააღმდეგ მიტანილ დარტყმებზე დიდი იქნება. 

გამოცემის ცნობით, ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია, თუმცა, როგორც ჩანს, ის მზადაა ომის ესკალაციისთვის, რათა აშშ-მ საკმარისი ზიანი მიაყენოს ირანის რეჟიმს იმისთვის, რომ თეირანმა ჰორმუზის სრუტე გახსნას და ტრამპის ბირთვულ მოთხოვნებს დათანხმდეს. 

ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა ესკალაციის ბრძანება შესაძლოა, მომდევნო დღეებში გასცეს. 

ცნობისთვის, 16 ივლისს აშშ-ს არმიამ ხელახლა მიიტანა იერიშები ირანულ სამიზნეებზე ჰორმუზის სრუტესა და ირანის სამხრეთში. საბრძოლო კამპანიის ფარგლებში, რომელიც ექვსი დღის წინ დაიწყო და მას შემდეგ არ შეწყვეტილა, აშშ-მ, სულ მცირე, შვიდი ხიდი დაბომბა საპორტო ქალაქ ბანდარ აბასში, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოპერაციების ცენტრად მიიჩნევა.

თავის მხრივ, ირანის რეჟიმი აშშ-ს დარტყმების პასუხად იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, ერაყსა და ქუვეითში ამერიკულ ბაზებს დაესხა თავს. 

Axios-ის მიხედვით, ამ ეტაპზე ამერიკას ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში, თელ-ავივის სიახლოვეს, 30-მდე სამხედრო თვითმფრინავი ჰყავს განთავსებული, რომელთა დანიშნულებაც ჰაერში თვითმფრინავები საწვავით გამართვაა.

ისრაელელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, აშშ-ს უნდა, რომ რეგიონში კიდევ რამდენიმე ათეული მსგავსი თვითმფრინავი გაგზავნოს, რათა მათი რაოდენობა ომის დაწყების წინა პერიოდში არსებულ რიცხვებს გაუთანაბრდეს. 

კომენტარები