კომპანია თამოსკინის განცხადებით, აპირებენ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლო წესით გაასაჩივრონ. კომოანიის განცხადებით GCCA-ს გადაწყვეტილება "მიკერძოებული და დაუსაბუთებელია".
"კომპანიის შეფასებით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მიკერძოებული და დაუსაბუთებელი, რადგან სააგენტომ სრულყოფილად არ შეისწავლა კომპანიის მიერ წარდგენილი წერილობითი პოზიცია მომხმარებლის საჩივართან დაკავშირებით. ასევე აღსანიშნავია რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული "თამოსკინის“ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
კომპანია თამოსკინი აპირებს მიღებული გადაწყვეტილების სასამართლო წესით გასაჩივრებას, ვინაიდან ადგილი აქვს კომპანიის იმიჯის შელახვის მცდელობას.
თამოსკინისთვის უმნიშვნელოვანესი პრინციპია მომხმარებლის ნდობა და მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზება. ამიტომ კომპანია გააგრძელებს თავის საქმიანობას იმ ღირებულებებით, რომლითაც მას უკავია წამყვანი ადგილი თავის მოვლის საშუალებებისა და კოსმეტიკურ ინდუსტრიაში. ამ ღირებულებებთაგან კი ყველაზე მთავარია, იყოს საუკეთესო მომხმარებლებისათვის". - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს თამოსკინს "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა და დაავალა 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და "სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს."
სააგენტოს განცხადებით, "მომხმარებლის განცხადების საფუძველზე ჩატარებული შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მოვაჭრემ პროდუქცია მომხმარებელს შეთანხმებულ ვადაში არ მიაწოდა, ხოლო შეკვეთის გაუქმების შემდეგ თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა".




