რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: უკრაინის იერიშების შემდეგ რუსეთმა ინდოეთს დამატებითი ბენზინის მიწოდება სთხოვა

ინდოეთის პრემიერი, ნარენდრა მოდი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი
Alexandr Demyanchuk/Sputnik/AFP/Getty Images

გამოცემა Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინის დარტყმებმა რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრე შეასუსტა, წამყვანმა რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანიებმა ინდურ ნავთობგადამამუშავებელ კომპანიებს დამატებითი ბენზინის მიწოდების თხოვნით მიმართეს.

Reuters-ის მიხედვით, ინდოეთი ზღვით გადაზიდული რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია, რის ფონზეც რუსული ნავთობკომპანიების თხოვნა ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებში უჩვეულო ცვლილებას წარმოადგენს და უკრაინის იერიშებით გამოწვეული ზიანის მასშტაბებზე მიუთითებს. 

წყაროების ცნობით, ინდური ბენზინით დატვირთული, სულ მცირე, ერთი გემი რუსეთისკენ უკვე გაიგზავნა და მოსალოდნელია დამატებითი ხომალდების გაგზავნაც. Reuters წერს, რომ მინიმუმ ორი თვის განმავლობაში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის თითქმის 40% შეფერხებული იქნება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ნავთობობიექტებზე უკრაინა დამატებით იერიშებს არ მიიტანს. 

გამოცემის ინფორმაციით, ინდურ ნავთობგადამამუშავებელ კომპანიებს დაუკავშირდნენ Rosneft, Gazproom Neft და Lukoil-იც. თუმცა, ინდური სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელი კომპანიების წყაროები აცხადებენ, რომ რუსული კომპანიები მეტი ბენზინის მიწოდებას ითხოვენ, მაგრამ ინდურ კომპანიებს ექსპორტისთვის საწვავის ჭარბი მოცულობა არ გააჩნიათ. 

კომენტარები