ნაფიცი მსაჯულები

POG: მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს კაცი, რომელმაც დმანისში ცოლი მოკლა - მას 18 წელი მიესაჯა

რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2026 წლის 27 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, მეუღლეს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

ბრალდებული 27 იანვარს დააკავეს, შსს-ს ინფორმაციით, 1970 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა ი.გ.-მ 27 იანვარს, მეუღლე - 1983 წელს დაბადებული ე.ა. ცივი იარაღით დაჭრა. 

"ბრალდებული თავად შეეცადა, დაჭრილი კლინიკაში გადაეყვანა, თუმცა, მიღებული დაზიანებების შედეგად ე.ა. გარდაიცვალა" . - წერდა შსს 27 იანვრის განცხადებაში.

კომენტარები