რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (СВР) აცხადებს, რომ ევროკავშირი ცდილობს განდევნოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია სომხეთიდან.
"ევროპული ინტეგრაციის სავალდებულო პირობის სახით, სომხეთის ხელისუფლებას მოსკოვთან საუკუნოვანი რელიგიური და სულიერი კავშირების სრულად გაწყვეტას სთხოვენ," - წერია განცხადებაში.
СВР ირწმუნება, რომ ამ საკითხს სომხეთში აპრილში შექმნილი ევროკავშირის პარტნიორობის მისია "აგვარებს." მათი მტკიცებით, ევროკავშირის მიზანია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერევან-სომხეთის ეპარქიისთვის ეკლესიის ქონების გამოყენების უფლების ჩამორთმევა და ადგილობრივ რელიგიურ სტრუქტურებთან, განსაკუთრებით კი სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან, "დიალოგის შეფერხება."
СВР ამის მცდელობის მაგალითად სააგენტო გიუმრიში, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაზე მდებარე მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, ტიმოფეი კაზარიანის საქმეს ასახელებს. რუსეთის დაზვერვა ირწმუნება, რომ კაზარიანი სომხურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბრიუსელის მხარდეჭერით "უსაფუძვლოდ" დაადანაშაულეს სომხეთში მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობაში.
"ევროპელები ამჟამად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერევან-სომხეთის ეპარქიის სხვა წარმომადგენლებზე კომპრომატებს ამზადებენ, რათა ერევანი აიძულონ მათ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დევნა დაიწყოს," - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, მაისში სომხურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის "ინფორმირებული მოქალაქეების გაერთიანებამ" გამოაქვეყნეს გამოძიებები, თუ როგორ ერევა რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა სომხეთის შიდა საქმეებში.
ინფორმირებული მოქალაქეების გაერთიანების გამოძიების თანახმად, ტიმოფეი კარაზიანი "თითქმის ყოველდღიურად ეწევა ღია პროპაგანდას, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთის სახელმწიფოებრიობის ძირის გამოთხრას."
გამოძიების მიხედვით, მღვდელი სავარაუდოდ, "სომხეთში მოქმედი რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუციური ქსელის წარმომადგენელია."
ორგანიზაცია ამის ერთ-ერთ მტკიცებულებას მღვდლის მიერ მოსკოვის სახლისთვის 2023 წლის ივლისში გაღებულ შემოწირულობას ასახელებს. მოსკოვის სახლი რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული კულტურული ცენტრია, რომელსაც გამოძიება რუსეთის "რბილი ძალის" ინსტრუმენტად მოიხსენიებს.





