ოთხშაბათს შვეიცარიამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების სრულად დანერგვის ფარგლებში, მიმდინარე წლის 25 აპრილიდან ქვეყანაში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შესყიდვასა და იმპორტზე სრული აკრძალვა ამოქმედდება.
"ამ ნაბიჯის მიზანია, რომ რუსეთს შეუმცირდეს შემოსავლები წიაღისეული საწვავიდან, რაც რუსეთის წინააღმდეგ ომის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროა." - აცხადებს შვეიცარია და ამატებს, რომ გასული წლის დეკემბერში დამატებით 64 ინდივიდისა და სუბიექტის სანქცირება უკვე მოხდა, "რაც ნიშნავს, რომ შვეიცარიაში დაახლოებით 2 600 ინდივიდი და სუბიექტი, უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, აქტივების გაყინვას ექვემდებარება."
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი 2025 წლის 23 ოქტომბერს მიიღო და ამ ნაბიჯის მიზანი რუსეთის სამხედრო ინდუსტრიულ ბაზაზე წნეხის გაზრდას, და ენერგო და ფინანსური სექტორების მიზანში ამოღება იყო. შვეიცარია ასევე აცხადებს, რომ მათი შესაბამისი სანქციების სია ევროკავშირის სიის იდენტურია.
შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ზომები 25 თებერვალს მიიღო. თუმცა, აპრილიდან LNG-ს აკრძალვა არ შეეხება იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც სანქციების შემოღებამდე უკვე ძალაში იყო. მსგავსი გრძელვადიანი კონტრაქტებისთვის საშეღავათო გარდამავალი პერიოდი 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ამას გარდა, შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ გააფართოვა სავაჭრო შეზღუდვები, რის ფარგლებშიც, რუსეთისთვის მნიშვნელოვან პროდუქციაზე დაწესდა საიმპორტო შეზღუდვები. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ჩართულობის გამო შვეიცარიამ დამატებითი ზომები მიიღო ბელარუსის წინააღმდეგაც.





