აშშ-საქართველო

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია გახარია-საქართველოსთვის წევრებს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის წარმომადგენლები პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრებს შეხვდნენ.

"კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თანამშრომლებს მიაწოდეს ინფორმაცია ქართული ოცნების რეჟიმის მიერ ბოლო წლებში შეცვლილი საგარეო კურსისა და დემოკრატიული უკუსვლის, ადამიანის უფლებების შემზღუდველი რეპრესიული კანონების შესახებ, ასევე პარტიის საპარლამენტო გუნდის საკანონმდებლო ინიციატივებსა და თანმიმდევრულ პოლიტიკაზე.

ამ რთულ დროს, მნიშვნელოვანია, აშშ-მ განაგრძოს საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა დემოკრატიის განვითარებისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების გზაზე. იმედი გვაქვს, საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა აღდგება და აშშ-ის მხარდაჭერით საქართველო შეძლებს დემოკრატიული განვითარების შეუქცევად გზაზე დაბრუნებას". - წერია გახარია-საქართველოსთვის განცხადებაში.

გიორგი გახარიას პარტიასთან შეხვედრამდე, დღეს დილას კონგრესის თანამშრომლების დელეგაცია ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებსაც შეხვდა.

ასევე, გუშინ კონგრესიის დელეგაციის წევრები ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდნენ

28 იანვარს, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრების ორპარტიული დელეგაცია ჩამოვიდა. 

კომენტარები