გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ 3 იანვარს აშშ-ს მიერ მოწყობილი მადუროს დაკავების სპეცოპერაციის დროს, ვენესუელის რუსული საჰაერო თავდაცვითი შეიარაღების ნაწილი სარადარო სისტემებთანაც არ იყო დაკავშირებული, რის გამოც ქვეყნის საჰაერო სივრცე "საკვირველად დაუცველი იყო" იქამდე დიდი ხნით ადრეც კი, სანამ პენტაგონი კარაკასში იერიშს წამოიწყებდა.
ოთხი ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ვენესუელამ ვერ შეძლო S-300-ებისა და Buk-ის ტიპის თავდაცვითი სისტემების მოვლა და შენახვა, რის შედეგადაც საჰაერო სივრცე დაუცველი იყო ოპერაცია "აბსოლუტური გადაწყვეტილების" დროს.
ამას გარდა, NYT-ის ანალიზით, რომელიც ფოტოებს, ვიდეოებსა და სატელიტურ სურათებს ეყრდნობა, აშშ-ს იერიშის დროს საჰაერო თავდაცვითი სისტემების ზოგიერთ კომპონენტი, მზადყოფნაში მოყვანის მაგივრად, ჯერ კიდევ საწყობში ინახებოდა. შესაბამისად, გამოცემა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ თვეების განმავლობაში გაფრთხილებების მიუხედავად, ვენესუელა არ ყოფილა მზად აშშ-ს თავდასხმისთვის.
NYT-ს მიხედვით, აშშ-ს წარმატებასა და მადუროს მარცხში, ერთი მხრივ, ვენესუელის სამხედრო არაკომპეტენტურობამ შეიტანა, რადგან ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ფაქტობრივად, დაკავშირებულიც არ ყოფილა, როდესაც აშშ-ს ძალებმა კარაკასის თავზე მადუროს ასაყვანად სპეცოპერაცია წამოიწყეს. მეტიც, აშშ-ს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა და ანალიტიკოსებმა გამოცემას უთხრეს, რომ სისტემები შესაძლოა, უკვე წლების განმავლობაში იყვნენ მწყობრიდან გამოსული.
თუმცა, მეორე მხრივ, მაღალჩინოსნები და ექსპერტები ამბობენ, რომ ვენესუელის მარცხი რუსეთის ბრალიცაა, ვინაიდან რუსი სპეციალისტებისა და ტექნიკოსების პასუხისმგებლობა იქნებოდა, რომ სისტემების სრული მზადყოფნა და ამგვარი მდგომარეობის შენარჩუნება უზრუნველეყოთ.
ვენესუელაში აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) განყოფილების ყოფილმა უფროსმა, რიჩარდ დე ლა ტორემ გამოცემას განუცხადა, რომ "უკრაინაში რუსეთს თავისი ომის მოთხოვნებმა, შესაძლოა, მას უნარი შეუზღუდა, ვენესუელაში აღნიშნული სისტემები შეენახა."
ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ისიც თქვა, რომ რუსეთმა შესაძლოა, ვენესუელისთვის მიყიდულ აღჭურვილობას მწყობრიდან გამოსვლის საშუალება მისცა, რათა აშშ-სთან უფრო დიდი დაპირისპირება თავიდან აერიდებინათ.
NYT-ის მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოების, ვიდეოებისა და სატელიტური სურათების შეფასების მიხედვით, აშშ-ს არმიის მთავარი სამიზნე ის ადგილები იყო, სადაც ვენესუელას Buk-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები ჰქონდა განლაგებული.
გამოცემის ცნობით, ერთგან აშშ-მ Buk-ის სარაკეტო სისტემის კომპონენტების შემცველი სასაწყობე სამიზნეებიც გაანადგურა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ვენესუელის ჯარი აშშ-ს იერიშისთვის მოუმზადებელი იყო.
საერთაშორისო მშვიდობისთვის კარნეგის ფონდის (CEIP), გავლენიანი წევრის, მაიკლ კოფმანის ცნობით, ვენესუელას ჩინეთის მიერ მიწოდებული სარადარო სისტემაც ჰქონდა, რომელიც ასევე აშშ-მ გაანადგურა, რის გამოც, აშშ-ს სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, რუსული საჰაერო თავდაცვის შეიარაღება კიდევ უფრო დაუცველი დარჩა აშშ-ს დარტყმების წინაშე.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებსა და სურათებში აშშ-ს იერიშების შედეგად განადგურებული არაერთი რუსული Buk-ის ტიპის გამშვები დანადგარი ჩანს.
მადუროს დაკავების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების უუნარობას, აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმაც, დასცინა, როდესაც თქვა, რომ "როგორც ჩანს, რუსულმა საჰაერო თავდაცვამ არც ისე კარგად იმუშავა".
ცნობისთვის, მადუროს რეჟიმი წლების განმავლობაში ცდილობდა მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვითი ქსელის შექმნას, რომელიც ძირითადად რუსული S-300 ტიპის სისტემებს, Buk-ებსა და სხვა ტიპის მოკლე რადიუსის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს ეყრდნობოდა.
მოსკოვმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ვენესუელის საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების შექმნაში რეჟიმისთვის რუსული სისტემების მიწოდებითა და ფულის სესხებით. Reuters-ის ცნობით, 2009 წელს რუსეთმა ვენესუელას $2.2 მილიარდის სესხი მისცა იარაღის შესასყიდად, რაც მაშინდელი მმართველის, უგო ჩავესის თქმით, S-300 ტიპის სისტემებსაც მოიცავდა.
მას შემდეგ მოსკოვი საჰაერო თავდაცვითი სისტემებით მადუროს რეჟიმის მხარდაჭერასაც განაგრძობდა. ჯერ კიდევ ოქტომბერში, აშშ-სთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, მადურო ამბობდა, რომ ვენესუელას 5 000 რუსული ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა აქვს განთავსებული "მთავარ საჰაერო თავდაცვით პოზიციებზე."
"მსოფლიოში ნებისმიერმა სამხედრო ძალამ იცის Igla-S-ის სიძლიერე და ვენესუელას არანაკლებ 5 000 აქვს." - აცხადებდა მადურო.
მადუროს დაკავების შემდეგ Fox News-თან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ საჰაერო იერიშის დროს ამერიკულ ვერტმფრენს საბრძოლო მასალა მოხვდა, თუმცა, სპეცოპერაციის ფარგლებში აშშ-ს საფრენი აპარატი არ დაუკარგავს.
"საფრენი აპარატი არ დაგვიკარგავს. ყველაფერი უკანდაბრუნდა. ერთ-ერთს საკმაოდ ძლიერად მოხვდა, ვერტმფრენს, მაგრამ დავიბრუნეთ," თქვა ტრამპმა.
სად იყო ვენესუელის რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები აშშ-ს იერიშების დროს?





