გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ტაივანელი მაღალჩინოსნების გადმოსახედიდან აშშ-ს მხრიდან ნიკოლას მადუროს დაკავება ჩინური აგრესიის ძლიერი შემაკავებელია და წარმოადგენს დროულ შეხსენებას, რომ აშშ-ს ჩინური შეიარაღებით აღჭურვილი ჯარების დამარცხება შეუძლია.
ტაივანის უსაფრთხოების სფეროდან ერთ-ერთმა გავლენიანმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ მიტანილი იერიშები გზავნილი იყო მსოფლიოში ავტორიტარი ლიდერებისთვის, მათ შორის, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგისთვის, რომ ტრამპი მზადაა, აშშ-ს ინტერესებისთვის უმთავრეს საერთაშორისო საკითხებში სამხედრო ძალა გამოიყენოს. მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ს ქმედებებმა ტაივანი, რომელიც ჩიპების გლობალური ჰაბია, დაამშვიდა.
Bloomberg-ის ცნობით, ტაიპეიმ ასევე უარყო იდეა, რომ ტრამპის ნაბიჯმა შესაძლოა, ჩინეთი "საერთაშორისო სამართლის დარღვევისკენ" წააქეზოს. წყაროს თქმით, ჩინეთი ტაივანს თავის ტერიტორიად მიიჩნევს, ამიტომ საერთაშორისო სამართალი პეკინის გათვლების ნაწილი არ არის.
ამასთანავე, ტაივანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, სიუ სძიენმა 5 იანვარს დეპუტატებს განუცხადა, რომ "აშშ-ს აღჭურვილობის დახვეწილობის დონე, იმ იარაღთან შედარებით, რომელიც ვენესუელამ ჩინეთისგან და რუსეთისგან მიიღო, ამ ოპერაციის სრულად გამოაშკარავდა."
"ვენესუელის პრობლემა იყო არა მხოლოდ ის, თუ რომელი ქვეყნიდან მიიღო იარაღი - ყველაზე კრიტიკული საკითხი შენახვა იყო." - დაამატა სიუმ, რომელიც დაწინაურებამდე, გასულ წელს, ტაივანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.
ხოლო როგორც კიდევ ერთმა ტაივანელმა მაღალჩინოსანმა Bloomberg-ს განუცხადა, ის ფაქტი, რომ ვენესუელის სამხედრო ძლიერება აშშ-ს ძალებმა რამდენიმე საათში ჩამოშალეს, ჩინეთს ბევრ საფიქრელს გაუჩენს.
ცნობისთვის, 3 იანვარს ვენესუელაში სპეცოპერაციის შედეგად აშშ-მ ნიკოლას მადურო და მისი ცოლი, სილია ფლორესი, დააკავა და ავიამზიდ USS Iwo Jima-ს მეშვეობით ნიუ-იორკში გადაიყვანა. მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მადუროსა და მისი მეუღლის საქმეზე სასამართლო სხდომა უკვე გაიმართა.
- მადურო მის მეუღლესთან ერთად დავაკავეთ და ქვეყნიდან გამოვიყვანეთ - ტრამპი
-
მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მადუროსა და მისი მეუღლის სასამართლო სხდომა გაიმართა
მადურომ და მისმა მეუღლემ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყვეს. მათ ბრალი ნარკო-ტერორიზმში, აშშ-ში იარაღისა და ნარკოტიკების შეტანის შეთქმულებაში ედებათ.
"მე უდანაშაულო ვარ, მე არ ვარ დამნაშავე, მე პატიოსანი ადამიანი ვარ, მე კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ" - უთხრა მადურომ მოსამართლეს.
მედიის ინფორმაციით, მოსამართლემ შემდეგი სხდომა 17 მარტს ჩანიშნა.





